ირაკლი კობახიძე: საარჩევნო უბანთან 25-მეტრიან რადიუსში თუ ამომრჩეველს შეაფერხებთ თუნდაც იმისთვის, რომ ჰკითხოთ, ვის აძლევს ხმას, ეს იქნება უკვე დარღვევა

“საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, საარჩევნო უბანთან, 25-მეტრიან რადიუსში ამომრჩევლის შეფერხება შეიზღუდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მკაცრდება ასევე, ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციებიც.

„საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გვაქვს მნიშვნელოვანი ცვლილებები, პერიმეტრში სააგიტაციო მასალების განთავსება იკრძალება, ასევე იკრძალება 25 – მეტრიან რადიუსში ადამიანის შეფერხება. აქ გვაქვს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ადამიანის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება იზღუდება ნებისმიერი სახით, მაგალითად, თუ ამომრჩეველს შეაფერხებთ თუნდაც იმისთვის, რომ ჰკითხოთ ვის აძლევს ხმას, ეს იქნება უკვე დარღვევა. ასევე, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციის კუთხით არის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რეგულაციები, რომელიც ვრცელდებოდა საჯარო მოხელეებზე, გავრცელდება მაგალითად, ბაღებისა და სკოლების აღმზრდელებსა და პედაგოგებზე, ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ცვლილებები. საარჩევნო დავების განხილვას რაც შეეხება, ვადები ზუსტდება და იცვლება, რაც არის მნიშვნელოვანი. ასევე, გენდერულ კვოტებს ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი, ამჯერზე ყოველი მეოთხე და 2028 წელს გადავალთ ყოველ მესამეზე, ხოლო თვითმმართველობის არჩევნების დროს ყოველი მეორე იქნება სავალდებულო გენდერული კვოტა. დგინდება პარტიების დაფინანსების სრულიად ახალი წესი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას და სამართლიანად გადანაწილდება ფინანსები პოლიტიკურ პარტიებს შორის. პარტიების დაფინანსების მოქმედი წესი ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას, იყო აბსოლუტურად გაუგებარი და ირაციონალური სისტემა. ჩვენ გადავდივართ მარტივი დაფინანსების სისტემაზე, რომლის მიხედვითაც პარტიის მიერ მისაღები დაფინანსება მიბმული იქნება პირდაპირ მიღებულ ხმებზე. იმისათვის, რომ საბაზისო კომპონენტი შევინარჩუნოთ და მცირე პარტიებს ეს წაახალისებს, გვაქვს 50 000 – იანი დათქმა – პირველი 50 000 ხმისთვის პოლიტიკური პარტია იღებს 15 ლარს (თითო ხმაზე), შესაბამისად თუ პარტია მიიღებს ზუსტად 50 000 ლარს, მას ექნება გარანტირებული 750 000 – ლარიანი წლიური დაფინანსება. ამის ზევით უკვე თითოეული ხმისთვის განკუთვნილია 5 ლარი. ანუ მცირე პარტიებს ეძლევათ საბაზისო დაფინანსება, რაც არის მილიონამდე გენდერული დანამატის ჩათვლით, მილიონზე მეტიც შეიძლება იყოს. შემდეგ სხვა პარტიებს ეძლევათ ნაკლები თანხა, ეს გამიზნულია იმისათვის, რომ მცირე პარტიებს მიეცეთ მეტი შანსი მსხვილ პარტიებთან შედარებით. პროექტით გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სანქცია 100 ლარზე ქვევითაც, დღეს სანქცია მოქმედებს 100 ლარზე ზევით მოსყიდვაზე. სიძულვილის ენას რაც შეეხება, აქ გვინდოდა უფრო მკაფიო რეგულაციების ჩაწერა, თუმცა, ამის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციური პარტიები და უარი ითქვა აქ რაიმეს დაზუსტებაზე. ეს პროექტი მთლიანად შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან, ეს პაკეტი უზრუნველყოფს იმას, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფალ და სამართლიან გარემოში”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები