რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციას დესტაბილიზაცია უნდა, რაზეც პუტინი ნადირობს

“ოპოზიციას დესტაბილიზაცია უნდა, რაზეც პუტინი ნადირობს”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.
საყვარელიძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საარჩევნო სისტემის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებასა და ფასილიტატორი ელჩების განცხადებას გამოეხმაურა.

„ოპოზიციამ გამოაცხადა, რურუას თუ არ გამოუშვებენ, კენჭისყრაში არ მივიღებთ მონაწილეობასო, 8 მარტის ხელშეკრულებაზე ვინც ისე არ იტყვის, როგორც ჩვენც ვთქვით, ის მექრთამეაო. შეურაცხყოფა მიაყენეს დასავლეთს – იმ დასავლეთს, რომლის რძესაც წოვენ აქამდე. ჩვენსას სისხლს წოვენ, მაგრამ იმათსას – რძეს. საქართველოში ყველას ჰქონდა განცდა, რომ უცხოეთი მხარს უჭერს „ნაციონალებს“. დღეს გამოჩნდა სწორედ, რომ არ უჭერს „ნაციონალებს“ მხარს, ის ოპოზიციური აზრის შენრჩუნებას უჭერდა მხარს სწორედ იმიტომ, რომ პლურალიზმი გაეჩინა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკას სჭირდება. მათ უნდათ დემოკრატიული სისტემა. ესენი უცბად შეტრიალდნენ და დაგესლეს გერმანიის ელჩი, რაც ძალიან სამარცხვინოა. ეს ჩვენ, ქართველებს მოგვეწერება, როგორც უმადურობა, წინდაუხედაობა.
ოპოზიციამ, როგორც ჩანს, განჭვრეტის, გათვლის, სწორი მოქმედების უნარი დაკარგა. პოლიტიკურად უუნარო გახდა. ძირითადი აქცენტი გადააქვს უხეშობაზე , ძალადობაზე. მაინც მგონია – ოპოზიციამ დაკარგა ეს უნარები, თუ ისევ და ისევ რევოლუციურ სცენარზე ფიქრობს? არჩევნებით რომ მომსვლელი არაა, ამას ხედავს, რევოლუციურ სცენარსაც ხალხი სჭირდება, ასევე, მათ პერსპექტივა ექნებოდათ დასავლეთის მხარდაჭერის შემთხვევაში. ირწმუნებიან, ივანიშვილი იყურება რუსეთისკენ, თორემ ჩვენ დასავლეთისკენ ვიყურებითო, ამ დროს კი დასავლეთის ელჩებს, რომლებიც თან გადაყვნენ ერთი წლის განმავლობაში, შეურაცხყოფას აყენებენ, მერე ადვილი საპასუხოა – ესენი დასავლეთისკენ არ იყურებიან, სწორედ ესენი იყურებიან რუსეთისკენ, სწორედ ამათ უნდათ დესტაბილიზაცია, რომელზეც ნადირობს პუტინი“, – განაცხადა საყვარელიძემ.
ცნობისთვის, გუშინ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
რაც შეეხება გერმანიის ელჩის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს – გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმებაში გიორგი რურუა, რომელსაც ოპოზიციის ნაწილი “პოლიტპატიმარს” უწოდებს, ნახსენები არ ყოფილა. „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა, ნათელაშვილმა ელჩის საპასუხოდ განცხადა, რომ გერმანიის ელჩი გაწვეული უნდა იქნას.
„გერმანიის ელჩს აფინანსებს ივანიშვილის რეჟიმი, მივმართავ გერმანიის მთავრობას, გაიწვიეთ სამარცხვინო ელჩი”, – განაცხადა ნათელაშვილმა.
ელჩის განცხადებაც „ევროპული საქართველოს“ ერთერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც გამოეხმაურა.
“თანავუგრძნობ მას, არ ვიცი, მერამდენედ უნდა გაეხვიოს ასეთ შარში, თარგმანში დაკარგულს ჰგავს ხოლმე და შემდეგ ბოდიშის მოხდა უწევს,”- განაცხადა ბოკერიამ.
გერმანიის ელჩთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განცხადებით გამოეხმაურა.

„ვგმობთ გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს ჩვენი კოლეგის, გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის წინააღმდეგ. ყველა აქტორმა, ვინც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ გზას, თავი უნდა შეიკავოს უპატივცემულო ხასიათის ბრალდებებისგან და დაიცვას ღირსება ყველა იმ ადამიანისა, ვინც აქტიურადაა ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანლებთან შეთანხმებით გავრცელებულ განცხადებაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები