აშშ-მა რუსეთში საქონლის ექსპორტის წესი გაამკაცრა

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ რუსეთსა და რიგ ქვეყანაში საქონლის ექსპორტის წესები გაამკაცრა.

შესაბამისი ინფორმაცია უწყების საიტზე განთავსდა.

ზომა მიმართულია იმისკენ, რომ მოხდეს აღნიშნული ქვეყნების მიერ ისეთი ამერიკული საქონლის შეძენის პრევენცია, “რომლებიც შესაძლოა, იყოს გამოყენებული იარაღის, სამხედრო თვითმფრინავების, თვალთვალის ტექნიკური საშუალებების შექმნისთვის”.

ზომათა გამკაცრების პირველი წესის თანახმად, ამიერიდან ამერიკელი ექსპორტიორები ვალდებულები არიან, აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ლიცენზია მიიღონ რუსეთში, ვენესუელასა და ჩინეთში რიგი საქონლის მიწოდებისთვის მაშინაც კი, როდესაც ის სამოქალაქო მოხმარებისთვის არის განკუთვნილი. გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ ამ ქვეყნების შემთხვევაში ხშირად არ არის გარკვეული, საქონელს სამოქალაქო მომხმარებლები თუ სამხედროები გამოიყენებენ.

მეორე წესი აფართოებს განსაზღვრებას საქონელი “სამხედრო მოხმარებისთვის”. ეს კი შეამცირებს რუსეთის თავდაცვითი სექტორის შესაძლებლობას, შეიძინოს ამერიკული საქონელი, ტექნოლოგიები თუ პროგრამული უზრუნველყოფა.

“საბოლოო სამხედრო მომხმარებელში” ამიერიდან ნაგულისხმები იქნება შეიარაღებული ძალები, პოლიცია, სადაზვერვო სამსახურები და “ნებისმიერი პირი თუ ორგანიზაცია, რომელთა ქმედება და ფუნქციები სამხედრო მოხმარების მხარდაჭერას გულისხმობს”.

ექსპორტის გამკაცრებული წესები ძალაში დღეიდან შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები