“ინფორმაცია, თითქოსდა, ბათუმში დაკავებულმა თურქეთის 9 მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო პოლიციის დახმარებით გადმოკვეთა, ტყუილია”
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი “მთავარი არხის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სიუჟეტი ტყუილზე იყო დაფუძნებული.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში დღეს გასულ სიუჟეტს, რომელიც დაფუძნებული იყო ტყუილზე და მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ინფორმაცია, თითქოსდა, 2 ივნისს ბათუმში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად დაკავებულმა თურქეთის 9 მოქალაქემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანლების დახმარებით გადმოკვეთა და, ამის გამო, სასაზღვრო პოლიციის ერთერთი სამმართველოს უფროსის მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლდა, არის ტყუილი.
მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილეზე, თეიმურაზ კუპატაძეზე “მთავარმა არხმა” სრულიად აბსურდული და უსაფუძვლო ინფორმაცია ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე გაავრცელა, ეს არის “ფეიკნიუსის” კლასიკური მაგალითი.
ტელეკომპანია “მთავარი არხის” ზემოხსენებული, ყალბი სიუჟეტი ემსახურება სასაზღვრო პოლიციის, ქვეყნის უსაფრთხოების ერთერთი მთავარი რგოლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას”, – ნათქვამია შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.