გიორგი გახარია: საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ
საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ მნიშვნელოვანი ამოცანა დემოკრატიული, გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაა.
მისივე თქმით, საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ.
„დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე პრიორიტეტული ამოცანა არის, რომ საქართველოში არჩევნები იყოს დემოკრატიული, სრულად გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ, ვის მისცემს უკვე ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია.
მე დარწმუნებული ვარ და პარლამენტში გამოსვლის დროს ვთქვი, ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, 117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.