“მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტში აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები გასულიყო”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.
მისივე შეფასებით, კონსტიტუციაში შესული ცვლილებები ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„როგორც იქნა დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პროცესის შემდგომ. ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს მიღებულია საკონსტიტუციო ცვლილებები და ამ არჩევნებს ჩვენ შევხვდებით ახალი საარჩევნო სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ იღებდა კენჭისყრაში მონაწილეობას, პარლამენტში აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა ცვლილებები გასულიყო.
მე ვაფასებ ამ ცვლილებებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს ქვეყნის სამომავლო პოლიტიკურად დაბალანსებული, ნორმალური განვითარებისთვის და ძალიან მიხარია, რომ ეს შედეგი დადგა.
აუცილებლად მიმაჩნდა, რომ ოპოზიციას ამაში მონაწილეობა უნდა მიეღო. ჩემი აზრით, მათ ჰქონდათ პასუხისმგებლობა, რომ ყოფილიყვნენ ყველა მოსმენაზე სხდომათა დარბაზში და ხმა მიეცათ. მათი არჩევანია, რომ არ იღებენ ამ კენჭისყრაში მონაწილეობას, თუმცა მთავარია, რომ ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.