არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და აღებული დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

„საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემასთან არის დაკავშირებული და არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საზოგადოებას მოეხსენება, რომ 2018 წელს ჩვენ გავატარეთ საკონსტიტუციო რეფორმა, მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული ევროპული კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც, რომელიც უკვე ჩაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში.

დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით დაადასტურეს კენჭისყრაზე, არის საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ჩვენ მიერ აღებული დემოკრატიული ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ საზოგადოებასა და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ მზად არის, გააძლიეროს თავისი დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი, დემოკრატიული და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნები“, – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს, დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ცვლილებებსა და ფასილიტატორ ელჩებს, მადლობა გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს მხარდაჭერისთვის, მადლობა გადავუხადო ფასილიტატორ ელჩებს ძალისხმევისთვის და მადლობა გადავუხადო, რაც მთავარია, პარლამენტის ყველა იმ დეპუტატს, ვინც მხარი დაუჭირა ამ მნიშვნელოვან ცვლილებებს.

დღეიდან უკვე ვიწყებთ მუშაობას საარჩევნო კოდექსზე და უახლოესი 10 დღის განმამვლობაში საქართველოს პარლამენტი ასევე მიიღებს ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები