კახა კუჭავა IFES-ის პრეზიდენტს ვიდეოკონფერენციის ფორმატში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ესაუბრა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პრეზიდენტსა და მთავარ აღმასრულებელ ოფიცერს, ენტონი ბენბერის ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა.

საუბრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები და საარჩევნო კანონმდებლობა იყო.

„საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მუშაობა მათთან აქტიური თანამშრომლობით მიმდინარეობდა. IFES-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ძალზე მაღალი სტანდარტებით – გამჭვირვალედ და დემოკრატიის ყველა პრინციპის უზრუნველყოფით”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

აღსანიშნავია, რომ ენტონი ბენბერიმ გამოთქვა სურვილი და მზაობა ოქტომბერში საქართველოში შესაძლო ვიზიტის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოხდება ადგილზე არჩევნების მიმდინარეობასა და საქართველოში არსებულ საარჩევნო პრაქტიკაზე დაკვირვება.

საუბრის დროს IFES-ის პრეზიდენტმა და ვიდეოკონფერენციაში მონაწილე ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ქეთი მაისურაძემ ხაზი გაუსვეს მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოს პარლამენტს, მათ ოფისსა და სხვა უწყებებს, მათ შორის, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის.

ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებს.

„ვისაუბრეთ იმ პროექტებზე, რომლებზეც ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კიბერშეტევებთან დაკავშირებულ ახალ პროგრამას, რომელიც დაგვეხმარება, უფრო მაღალი სტანდარტებითა და დაცულობით, შედარებით მაღალი ხარისხის მზაობით შევხვდეთ მომდევნო არჩევნებსაც”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს: აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, დავით ბაქრაძემ; საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორმა, ბეატა მარტინ-როზუმილოვიჩმა; ამავე ორგანიზაციის ევროპისა და ევრაზიის პროგრამების მრჩეველმა, ენტონი ბოიერმა; ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა, ქეთი მაისურაძემ; პარლამენტის თავმჯდომარის სამდივნოს მრჩეველმა საერთაშორისო საკითხებში, ნინო ფანჯიკიძემ და აშშ-ში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა, ლევან ხურციძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები