ირაკლი კობახიძე: 29 ივნისს გაიმართება კენჭისყრა და საკონსტიტუციო ცვლილებები 116 ხმით გავა
“მათ იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით არავითარი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესი პროცესების რადიკალიზაციაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ევროპულ საქართველოზე“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო” და “ნაციონალური მოძრაობა” შეთანხმებას ღიად უპირისპირდებიან.
„მათ იციან, რომ არჩევნებში არც ასეთი და არც ისეთი სისტემით არავითარი შანსი არ აქვთ. შესაბამისად, ერთადერთი მათი ინტერესია პროცესების რადიკალიზაცია, თუმცა აქაც მათი რესურსი არის აბსოლუტურად ნულოვანი. ისინი არიან აბსოლუტური ჩიხის რეჟიმში და შეცდომას შეცდომაზე უშვებენ. ამის გამოხატულება არის აკაკი ბობოხიძის აღიარებითი ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ სურთ შეთანხმების ჩაშლა. ამას ვერ ეღირსებიან, 29 ივნისს გაიმართება კენჭისყრა და 116 ხმით გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, ამის ყველანაირი რესურსი არსებობს. ის, რომ ახლოს ვართ 113-იან ნიშნულთან, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა” და „ევროპული საქართველოს” პასუხისმგებლობა, რომლებიც ღიად უპირისპირდებიან იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერეს ელჩების თანდასწრებით. ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და პოლიტიკურად ამაზე პასუხს აუცილებლად აგებენ. არავის შერჩება ის, რომ ისინი ელჩების წინააღმდეგ მიდიან. ეს ისე არ გაივლის, რომ ამაზე რეაგირება არ მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.