სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ინფიცირებული ქალის კონტაქტები გამოვლენილია
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ინფიცირებული ქალის კონტაქტები გამოვლენილია. ამ ეტაპზე, მას 3 პირთან: შვილთან, სიძესა და შვილიშვილებთან ჰქონდა შეხება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ნელი ხიზანიშვილის თქმით, 63 წლის ქალი თბილისის მაცხოვრებელია და დიდუბის ბაზარში მუშაობდა.
„ყარაჯალაში ჩასვლის შემდეგ, იმავე საღამოს, ქალმა თავი ცუდად იგრძნო და მეორე დღეს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოს თვითდინებით მიმართა. დააწვინეს სტაციონარში და მოხდა სინჯის აღება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა. რადგან ქალი თბილისში ცხოვრობს, კონტაქტები ყარაჯალასთან არ იკვეთება. მოძიებულია სამი კონტაქტი, მათ უკვე აუღეს სინჯები და გადაყვანილი არიან საკარანტინე ზონაში. ქალი მუშაობს თბილისში, ეს ინფორმაცია გადაცემულია და იქ გააგრძელებენ ეპიდკვლევას. რაც შეეხება თელავის რაიონულ საავადმყოფოს – კლინიკაში მონიტორინგი მკაცრად ხორციელდება, ხომ არ მოხდა პირადი ჰიგიენის დარღვევა“, – განაცხადა ხიზანიშვილმა.
ცნობისთვის, ინფიცირებული ქალი დღეს თელავის ცენტრალური საავადმყოფოს ბოქსირებული პალატიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.