ლადო ბოჟაძე: თუ გუშინ სააკაშვილი საუბრობდა შეთავაზებების ენით, მალე ვნახავთ, რომ ოპოზიციურ პარტიებზე ის სერიოზულ თავდასხმებს დაიწყებს

“მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა მცდელობა, კვლავ შავ-თეთრი არჩევნები გვქონოდა, კვლავ მარტივი ყოფილიყო არჩევანი ამომრჩევლისთვის: „ქართული ოცნება“, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ საარჩევნო საკითხების სპეციალისტმა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
ბოჟაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციისადმი შეთავაზებას გამოეხმაურა, რომელიც ერთიანი საარჩევნო სიის შექმნას გულისხმობს.
“ჩვენ რომ სისტემურად შევხედოთ, „ქართულ ოცნებას“ ყველა შემთხვევაში ჰყავს თავისი მყარი ელექტორატი, რომელიც მას მხარს დაუჭერს როგორც პროპორციულ, ისე – მაჟორიტარულ ნაწილში. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მიცემულ ხმებს – ყველა შემთხვევაში, ეს ხმები გაიყოფა როგორც პროპორციულ, ისე – მაჟორიტარულ ნაწილში, რადგან ოპოზიცია არ არის ერთიანი და ერთგვაროვანი. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის მცდელობა მაჟორიტარულ ნაწილშიც გაენაწილებინა მანდატები და, რაც ყველაზე მთავარია, დაეწერათ ერთიანი პროპორციული სია ეხმიანებოდა ერთადერთ ამოცანას, რომ კვლავ შავ-თეთრი არჩევნები გქონოდა, კვლავ მარტივი ყოფილიყო არჩევანი ამომრჩევლისთვის: „ქართული ოცნება“, თუ „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ არცერთ შემთხვევაში – სხვა ოპოზიციური პარტია. დღევანდელი მდგომარეობიდან და სისტემიდან გამომდინარე, რომელიც მომავალში გვექნება, „ნაციონალურ მოძრაობასაც“ აღარ აქვს ფუფუნება, სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას ოპოზიციურად განწყობილი ხმები დაუტოვოს. ამიტომ, ისინი მაქსიმალურად ეცდებიან პროცესების კიდევ უფრო მეტად რადიკალიზაციას, რომ ამომრჩეველს დაენანოს სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის ხმის მიცემა და ეს ხმა დაემატოს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობას“, რომელიც რელურად წარმოადგენს „ქართულ ოცნებასთან“ ყველაზე მეტად დაპირისპირებულ მხარეს. აქედან გამომდინარე, თუ დღეს და გუშინ სააკაშვილი საუბრობდა შეთავაზებების ენით, ჩვენ ვნახავთ, როგორც კი გავა საარჩევნო სისტემა და ვერ მოხდება შეთანხმება ვერც მაჟორიტარულ ნაწილზე და ვერც – ერთიან პროპორციულ სიაზე, „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი დაიწყებენ სერიოზულ თავდასხმებს სხვა ოპოზიციური პარტიების მისამართით ერთადერთი ამოცანით, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმების განაწილება არ მოხდეს ოპოზიციურ პარტიებზე“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები