გურამ მაჭარაშვილი – ჩვენ როდესაც ვეუბნებოდით ოპოზიციას, რომ ყველაფერი გამოექვეყნებინათ რაში დახარჯეს თანხები, ახლა ევროპის სტრუქტურებმა თვითონ გამოამჟღავნეს

“არასამთავრობოებისთვის გადმორიცხვები, რომლებიც თავად ევროპის სტრუქტურებმა გაავრცელეს, ადასტურებს სწორედ იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით ბოლო სამი წლის განმავლობაში, “– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„ენჯეო“ სექტორს როდესაც მილიონი, ნახევარი მილიონი, მილიონ ნახევარი გერიცხება გაურკვეველი მიზნით და არსად წერია, რაში უნდა დახარჯო ან რაში დახარჯე, შენ კი, თან ამბიცია გაქვს, რომ გამჭვირვალე ორგანიზაცია ხარ, ეს იმის საჯარო მტკიცებულებაა, რასაც ჩვენ ვამბობდით. რა თქმა უნდა, ეს თანხები იხარჯება ძალადობრივი აქციების დაფინანსებაში და არც მალავენ. საჯაროდ ვნახეთ, მაგალითად, ხოშტარიას კადრები, რომ თავიანთ ოფისებში ინახავენ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ბოთლებს, თავდასხმის სხვადასხვა საშუალებას, ინახავენ პიროტექნიკას პოლიციელების წინააღმდეგ და ა.შ.
ამავდროულად, კარგად ვიცით ბრიტანეთის საელჩოს პასუხგაუცემელი კითხვა, რაში აპირებდა, რომ ნახევარი მილიონით დაეფინანსებინა ოთხი არასამთავრობო. ისეთ შარში გაეხვევიან ხოლმე, რის საწინააღმდეგოდაც თავად საუბრობენ. ჩვენ როდესაც ვამბობდით, რომ ყველაფერი გამოაქვეყნე, რაში რა უნდა დახარჯო, ახლა ევროპის სტრუქტურებმა გამოამჟღავნეს, რომელ ორგანიზაციას საიდან რამდენი უნდა ჩაერიცხოს, მაგრამ რაში დახარჯავენ, ისინი ამის თქმას არ აპირებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში პოლიტიკური ჯგუფის „პატრიოტები ევროპისთვის“ ვიცე-პრეზიდენტი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კომიტეტის შექმნას აპირებს და ხელმოწერებს აგროვებს. უნგრელ დეპუტატს კითხვები აქვს ევროკავშირსა და ათეულ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციას შორის გაფორმებულ კონტრაქტებთან დაკავშირებით და შესაბამისი მონაცემების დეტალურად გამოქვეყნებას ითხოვს. ევროკომისიიდან გამოთხოვილ და გამოქვეყნებულ მასალებში ბრიუსელიდან საქართველოს მესამე სექტორზე გაცემული გრანტების შესახებ ინფორმაციაც იძებნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები