ვაჟა სირაძის დედა: ამ უმსგავსობაზე მექნება სამართლებრივი რეაგირება
“სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთერთი ძირითადი უფლებაა – ისიც მესმის, რომ ჟურნალისტის ნებისმიერი პროფესიული უფლება–მოვალეობა გამომდინარეობს საზოგადოების უფლებიდან – იყოს ინფორმირებული მოვლენებისა და თვალსაზრისების შესახებ, თუმცა როცა საზოგადოება მიზანმიმართულად შეგყავს შეცდომაში ცრუ ინფორმაციის ტირაჟირებით, ეს უკვე დანაშაულია”, – ასე გამოეხმაურა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის დედა, ეკა ლატარია სოციალურ ქსელში “მთავარი არხზე” გასულ სიუჟეტს, სადაც საუბარი იყო, თითქოს, ნავთობის ბიზნესშია ჩართული.
მისი თქმით, სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, ოჯახს კონტრაბანდისტობა და კრიმინარულ სამყაროსთან კავშირი დააბრალეს.
“რა თქმა უნდა, აბსურდია იმაზე საუბარი, რომ ჩემი ოჯახი რაიმე სახის ნავთობის ბიზნესშია ჩართული. რაც შეეხება რეპორტაჟში გასულ ინფორმაციას – ეს არის 2012 წლის ნოემბერში და არა – 2020 წელს, როგორც რეპორტაჟში გავიდა, შექმნილი ფირმა „გლობალ ოილი“, მაშინ, როდესაც ჩემი შვილი ვაჟა სირაძე რიგითი პოლიციელი იყო და მან არც იცის ამ ფირმის დეტალების შესახებ, სადაც მე პარტნიორი ვარ და ამ ფირმის ერთადერთ საქმიანობას ტვირთის დაცლა-დატვირთვა წარმოადგენს და შექმნიდან დღემდე სხვა არანაირი საქმიანობა არ უწარმოებია, მით უფრო, არანაირი შემხებლობა ნავთობთან, მის შემოტანასთან ან გადამუშავებასთან არ გააჩნია და ესეც საჯარო ინფორმაციაა. თითოეული ჩვენგანის შემოსავლები, მათ შორის, ამ ფირმის საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი და ქონება დეკლარირებულია და მისი მოკრძალებული ოდენობის გათვალისწინებით, არა მგონია, ნავთობის ბიზნესში ჩართული ოჯახის ქონებასა და შემოსავლებს შეესაბამებოდეს, თუმცა „მათ“ ხომ ეს არ აინტერესებდათ, სულ სხვა კითხვები დაგვისვეს და პასუხები მათთვის ჩვეული ოსტატობით სასურველ კონტექსტში ჩასვეს.
ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ვართ ამდენი წელია და სწორედ ეს რეპუტაცია და არა ბიზნესი ან რაიმე მატერიალური არის ჩვენთვის ყველაზე დიდი კაპიტალი და ამას ათწლეულებია, ვაშენებთ. ამიტომ, როდესაც სხვა ვერაფერი ვერ იპოვეს, სწორედ იქ „დაარტყეს“, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენთვის, ყოველგვარ ზღვარს გასცდნენ, ამათთვის ზღვარი ხომ არ არსებობს და კონტრაბანდისტობა და კრიმინარულ სამყაროსთან კავშირი დაგვაბრალეს მაშინ, როდესაც მთელმა ოჯახმა ჩვენი შეგნებული ცხოვრება დანაშაულთან ბრძოლასა და მართლმსაჯულებას მივუძღვენით და ამ დამსახურებისთვის ვაჟა სირაძე 2015 და 2019 წლებში ორჯერაა დაჯილდოვებული მედლებით „მამაცობისათვის“.
ამ ადამიანებისთვის ცნება – „არ შეიძლება“ არ არსებობს, მათი მთავარი მიზანი საკუთარი ინტერესებია. შეუძლიათ, 10-წუთიან რეპორტაჟში ათწლეულობით ნაშენები ოჯახური რეპუტაცია დაგინგრიონ და ფიქრობ – როგორი რეაქცია უნდა გქონდეს ამ უმსგავსობაზე?! – პასუხი გასცე და თქვა, რომ მე არ ვარ ისეთი, რასაც ესენი კადრულობენ. ასეთ შემთხვევაში მათი მიზანი მიღწეულია, ვინაიდან საკუთარ თავზე რაღაცას გამტკიცებინებენ, მეორე – საერთოდ არანაირი რეაქცია არ გქონდეს და ასეთ შემთხვევაშიც მათი მიზანი მიღწეულია, ვინაიდან გამოდის, რომ პასუხი არ გაეცი, დუმილით დაადასტურე, რაც შენზე გავრცელდა და მესამე – ესენი შენზე კი არა, პატრიარქზე ამბობენ ისეთ რამეს, რაც ჩვენს მრავალსაუკუნოვან მართლმადიდებლურ ისტორიაში არავის უკადრებია, გაუბედავს და ამისთვის პასუხი არავის მოუთხოვია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ადამიანებისთვის ცნება – „არ შეიძლება“ არ არსებობს. მათი თქმით, ისინი ყოველთვის ყველაზე „მართლები”, ყველაფერში „მთავრები“ და „ჭეშმარიტები“ არიან, რამდენჯერაც უნდა გამოააშკარავო ყველაზე უკადრებელ სიცრუეში, რაც არაერთხელ მომხდარა, მაინც მართლები არიან და იმავეს აკეთებენ, ამათ „სიმართლეს“ მართლმსაჯულების ყველაზე დიდი ინსტანცია – ევროსასამართლოც ვერ აბათილებს. ეს გახლავთ სიცრუისა და ცილისწამების დიდოსტატი და ადამიანთა სიცოცხლის გამწარების ვირტუოზი – „მთავარი არხი“. რა თქმა უნდა, ამ უმსგავსობაზე მექნება სამართლებრივი რეაგირება”, – წერს ეკა ლატარია.