“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” და, ასევე, “სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შედის.
ცვლილებების მიხედვით, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელებისთვის გაუქმდება დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს გათამაშების ეტაპის დაწყებამდე გადაიხდის, რაც საპრიზო ფონდის 10%-ის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ ელექტრონული ფორმით თამაშობის მოწყობის შემთხვევაში, გადასახდელი მხოლოდ საპრიზო ფონდის 10% იქნება.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ პარლამენტში საკითხის წარდგენისას განაცხადა, კანონპროექტის მიზანი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა. მისივე თქმით, პირმა, რომელიც აფუძნებს სათამაშო ბიზნესს, ფულის წარმომავლობა უნდა დაადასტუროს.
მოქმედი კანონის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით გამართულ თამაშობაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი (ყოველკვარტალური) შეადგენს 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით, მათ შორის, წამახალისებელი გათამაშების მოწყობის შემთხვევაშიც და ადგილობრივი თვითმმართველობები, თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ადგენენ ოდენობებს მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე.
კანონპროექტით რეგულირდება ნებართვის გაცემის ვადაც. ნებართვის გაცემა მოხდება 5 წლის ვადით. ამასთან, ახალი ნებართვის სახის შემოღებასთან არის დაკავშირებული შესაბამისი სანქციების დადგენა. კერძოდ, დგინდება, რომ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელი პირის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა იწვევს ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით; ხოლო სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში – 10 000 ლარს.