რა უნდა იცოდეთ რესტორანში სტუმრობისას – სარესტორნე ბიზნესი კოვიდ 19-ის პირობებში

8 ივნისიდან ყველა ტიპის რესტორანსა და კვების ობიექტს საქმიანობის განახლების უფლება მიეცა, თუმცა – გარკვეული წესების დაცვით. წესების დაცვა მოუწევთ იქ მისულ მომხმარებლებსაც. ე.წ. გაიდლაინების თანახმად, რესტორნებში მაგიდებს შორის დაშორება უნდა იყოს 2 მეტრი, სკამებს შორის მანძილი – 1 მ. ერთ მაგიდასთან მხოლოდ 6 ადამიანს შეუძლია დაჯდომა, გამონაკლისია ერთი ოჯახის წევრები და 12 წლამდე ასაკის ბავშვები. დახურულ სივრცეში ყველასთვის, მომსახურე პერსონალისთვისაც და სტუმრებისთვისაც სავალდებულოა პირბადის ტარება. ის სტუმრები, ვინც ღია სივრცეში განთავსდებიან, შენობის გადაკვეთის ან საპირფარეშოში შესვლის დროსაც ვალდებულნი არიან, პირ­ბადე გაიკეთონ.

ტემპერატურა სპეციალური დისტანციური საზომით ეზომება ყველა შემომსვლელს, მათ შორის, თანამშრომლებსაც. თუ ვინმეს 37 ან მეტი აღმოაჩნდა, მას შემოსვლის უფლება არ აქვს. ადმინისტრაცია ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის ორგანოს მიაწოდოს.

სივრცეში განთავსებულია სადეზინფექციო ხსნარები, რომელთა გამოყენებაც ყველა შემომსვლელისთვის სავალდებულოა. კვების ობიექტი ვალდებულია, ჰქონდეს პირბადეების მარაგი, რათა სტუმარს თუ თავისი არ ექნება, შემოსვლისას პრობლემა არ შეექმნას.

თითოეული ეს წესი და რეკომენდაცია გამოკრულია შემოსასვლელში თვალსაჩინო ადგილზე. რა სიტუაციაა აჟამად ბიზბესის ამ სეგმენტში, ამ საკითხზე რესტორატორთა ასოციაციის პერეზიდენტ კოტე გაბრიჩიძეს ვესაუბრეთ.

რამდენი რესტორანია საქართველოში და რამდენმა შეძლო ახალ წესებთან ადაპტირება, ანუ რამდენმა განაახლა საქმიანობა?

საქართველოში, დაახლოებით, 10 ათასი რესტორანია და, დიდი ალბათობით, აქედან მხოლოდ 3 ათასი ობიექტი თუ შეძლებს საქმიანობის გაგრეძელებას. იმ რესტორნების რაოდენობა, რომლებმაც უკვე დაიწყეს საქმიანობა, კიდევ უფრო ნაკლებია.

რა არის ამის მიზეზი – ახალი ვალდებულებები, რომლებიც კოვიდის გამო დაწესდა თუ მომხმარებლის ნაკლებობა?

ერთიც და მეორეც. თუმცა განსაკუთრებული გარემოება ისაა, რომ აიკრძალა დიდი რიტუალური ღონისძიებები, კერძოდ, ბანკეტები, ქორწილები, კორპორატიული საღამოები და ასე შემდეგ.

იმ რესტორნებს, რომლებმაც საქმიანობა განაახლეს, თამამშრომელთა შემცირება ხომ არ მოუწია?

ზოგიერთი იძულებული გახდა, თანამშრომლები შეემცირებინა, თუმცა არის გამონაკლისები, არის ობიექტები, სადაც პერსონალი გაზარდეს. სპეციფიკასა და ოპერირების არეალს გააჩნია.

მომსახურების ფასები თუ გაიზარდა?

დიახ, ფასები გაიზარდა და ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან გაიზარდა ხარჯები, იქნება ეს პირბადეები, სადენიზიფექცი ხსნარები თუ ყველა ის აუცილებელი ატრიბუტი, რომელიც ახალი გაიდლინებით რესტორნის ფუნქციონირებისთვის არის საჭირო.

სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ეს ნაწილი დახმარებას თუ ელოდებით, თუ მიმართეთ თხოვნით?

არაერთხელ, თუმცა, ჯერჯერობით, ლაპარაკის იქეთ არაფერი ჩანს.

გადასახადების გადახდა ჩვეულ რეჟიმში გიწევთ?

დიახ, ვისაც აქვს ამის საშუალება. მაგალითად, რესტორნები, რომლებიც გაჩერებულია და ობიექტები არენდით აქვთ აღებული, არენდას იხდიან, თუმცა როდემდე შეძლებენ, ეს ძნელი სათქმელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები