ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა მიესალმება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმებასთან დაკავშირებით.
საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც აქვთ ნებართვა გერმანიაში მგზავრობისათვის, კონკრეტული მიზნით, იქნება ეს სამსახურებრივი გარემოება, განათლების მიღება/გაგრძელება, მკურნალობა, 15 ივნისიდან მოხსნილი აქვთ კარანტინის გავლის ვალდებულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19-ის პანდემიასთან მიმართებაში არსებული დადებითი მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველო არ შედის რობერტ კოხის ინსტიტუტის [ინფექციურ დაავადებებზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ფედერალური ჯანდაცვის საჯარო დაწესებულება] მიერ გამოქვეყნებულ იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც რისკის შემცველად ითვლება და გერმანიაში ამ ქვეყნებიდან ჩასული მგზავრები სავალდებულო წესით ექვემდებარებიან კარანტინში გადასვლას.
„მინდა, მადლობა გადავუხადო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას, მათ შორის, პირადად გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივან თომას ბარაისს, რომელთანაც რამდენიმე დღის წინ მქონდა ონლაინშეხვედრა, საქართველოს აღიარებისთვის და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის კარანტინის აუცილებლობის გაუქმების გამო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენი მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტიანი იყო და ამ ეტაპზეც სწორად ვმართავთ ვითარებას. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველოში გერმანელ ტურისტებსაც ვუმასპინძლებთ, რომლებიც უსაფრთხოდ შეძლებენ ჩვენს ქვეყანაში მოგზაურობას”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან, თომას ბარაისთან ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლისა და ტურისტულ სექტორში თანამშრომლობის აღდგენის საკითხები რამდენიმე დღის წინ პირადად განიხილა. ონლაინ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები.