შალვა ალავერდაშვილი: ტურიზმის ინდუსტრია 1997-1998 წლის მონაცემებს დაუბრუნდა

15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. პირველი ივლისიდან საზღვრები საერთაშორისო ტურისტებისთვისაც გაიხსნება. ტურიზმის ინდუსტრიისა და სასტუმროების მეპატრონეთა ერთი ნაწილის განცხადებით, ადგილობრივ დამსვენებელთა აქტივობამ მოლოდინს გადააჭარბა და სასტუმროების მნიშვნელოვან ნაწილში ჯავშნების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. რა მოლოდინები აქვთ და როგორია რეალობა ტურიზმის ინდუსტრიაში – ამ საკითხზე სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელს, შალვა ალავერდაშვილს ვესაუბრეთ.

შიდა ტურიზმი გაიხსნა, რესტორნებიც ამუშავდა. გაიდლაინებმა, ანუ მითითებებმა, თუ როგორ უნდა მიიღონ და განათავსონ ტურისტები სასტუმროებმა და რესტორნებმა, რა პრობლემები შექმნა, მათი შესრულება ხომ არ ჭირს?

მაგ გაიდლაინების შექმნაში მთელი კერძო სექტორი მონაწილეობდა. პირველადი გაიდლაინები, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მომზადდა, ფაქტობრივად, შეუსრულებადი იყო. ის, რაც ახლა გვაქვს, შესასრულებლად მარტივი არ არის, მაგრამ მისაღებია და პრობლემებიც არ იქმნება.

რამდენმა სასტუმრომ გაიარა შემოწმება კოვიდთან დაკავშირებულ უსაფრთხოების ნორმებზე, რამდენად სწრაფად დაადეკვატურად მიმდინარეობს ეს პროცესი?

საქართველოში ცხრაასზე მეტი სასტუმროა რეგისტრირებული. როგორც ვიცი, შემოწმება ნახევარზე ნაკლებმა გაიარა. თბილისში არცერთი სატუმრო არ გახსნილა. ეს ამ შემოწმებას არ უკავშირდება, უბრალოდ, აზრი არ აქვს იმიტომ, რომ მსოფლიო ჩაკეტილია და სტუმრებიც არაა.

ვის უნდა ველოდოთ წელს და საიდან, რა კატეგორიის ტურისტები ჩამოვლენ?

ეგ რომ ვიცოდეთ, ჩვენთვისაც კარგია. ყველაფერი დამოკიდებულია კოვიდსიტუაციაზე. გარკვეული აქტივობები შეინიშნება ადგილობრივი ტურიზმის მიმართულებით, ისიც – რეგიონებში. საუბარია კახეთსა და აჭარაზე.

შექმნილი სიტუაცია ფასებზე როგორ იმოქმედებს?

სასტუმროებში ფასები განახევრებულია. რესტორნები არიან გადარჩენის რეჟიმში. ახლა არავინ ელოდება მოგებას.

რამდენი რესტორანი მუშაობს?

ზუსტად არ ვიცი, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში მეეჭვება, ბევრმა გარისკოს და მუშაობა დაიწყოს.
სუბსიდირება და საგადასახადო შეღავათები, ჯამურად, 200 მილიონი ლარი – ეს არის დახმარების ის პაკეტი, რასაც ტურიზმისა და სარესტორნე ინდუსტრია მთავრობისაგან მიიღებს.

რა შეღავათი იქნება ეს ამ ინდუსტრიისთვის?

ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა, რომ შეფასებები გავაკეთოთ. თუმცა, შეღავათები აუცილებელი იყო, განსაკუთრებით ის, რომ სასტუმროებს ქონების გადასახადი ჩაეხსნათ.

ტურიზმის ინდუსტრია, დაახლოებით, რა შემოსავლებს ელოდება?

მაგის თქმა შეუძლებელია. ერთი ვიცი, რომ დავუბრუნდით 1997-1998 წლის მონაცემებს, ანუ გასული საუკუნის მდგომარეობას, როცა ტურიზმის ინდუსტრია ჩანასახის მდგომარეობაში იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები