როგორ მივაღწიოთ შემოქმედებითი მეწარმეობის განათლების მდგრადობას საქართველოში – ბრიტანეთის საბჭო ონლაინღონისძიებას აწყობს

ბრიტანეთის საბჭო პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ ფარგლებში, 16-18 ივნისს (11:00სთ – 13:00სთ) ონლაინ ღონისძიებას, პლატფორმაზე MS Teams აწყობს, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საქართველოში სამეწარმეო განათლების ეკოსისტემის შექმნის შესაძლებლობას განიხილავენ.
​ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი ონლაინ ღონისძიების მიზანი პროგრამის მონაწილეებსა და პარტნიორებთან ერთად საგანმანათლებლო სექტორში არსებული მდგომარეობის შეფასება და შემოქმედებითი განათლების საერთო ხედვის შემუშავება, ასევე იმ ადგილობრივი აქტივისტების შერჩევაა, რომლებიც მომავალში ჩაერთვებიან და იმუშავებენ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში სამეწარმეო საქმიანობის როლის და ეფექტურობის გაზრდაზე.
“აღნიშნული დისკუსიის გარდა, შეხვედრაზე გაჟღერდება პროგრამის უმნიშვნელოვანესი ინიციატივები, მათ შორის შემოქმედებითი სამეწარმეო განათლების ალიანსის შექმნა, მისი მისია, ხედვა, ღირებულებები და დეკლარაცია, რომელიც აღნიშნული ალიანსის წარმატების და ინტერინსტიტუციონალური „მრჩეველთა საბჭოს“ ეფექტური მუშაობის გარანტი უნდა გახდეს.
სხვა საინტერესო თემებთან ერთად განიხილება პროგრამის განხორციელების პირველი და მეორე წლის მიღწევები და გამოწვევები, ასევე პარტნიორები წარმოადგენენ სამეწარმეო განათლების პოლიტიკის მხარდაჭერის საკუთარ ხედვას.
ონლაინ ღონისძიების მონაწილეებს სხვა საპატიო სტუმრებთან ერთად მიმართავენ დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის ელჩი საქართველოში ჯასთინ მაქენზი სმითი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ზაზა ფურცელაძე.
დამატებით ინფორმაცია პროგრამის შესახებ:
შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის – ხუთწლიანი ინიციატივაა, რომელიც 2018 წელს დაიწყო და მიზნად ისახავს სამეწარმეო უნარების და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებას დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით შვიდ ქვეყანაში, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი), ცენტრალურ აზიაში (უზბეკეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) და უკრაინაში. მთავარი ბენეფიციარები არიან უნივერსიტეტების სტუდენტები, კურსდამთავრებულები და ახალგაზრდა მეწარმეები. წელს უნივერსიტეტებისა და შემოქმედებით ინსტიტუციების კიდევ 12 საერთაშორისო პარტნიორობა დაფინანსდა. თითოეული შერჩეული პარტნიორობისთვის გამოიყო 40000 ფუნტამდე გრანტი.
ჩვენ სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს უპრეცედენტო ინიციატივა მნიშვნელოვნად ეხმარება საქართველოში კრეატიული ეკონომიკის განვითარებას და ახალგაზრდების მიერ იმ ცოდნისა და უნარების შეძენას, რომელთა საშუალებითაც ისინი კონკურენტუნარიანები ხდებიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. პროგრამა, ხელს უწყობს ქართულ-ბრიტანული საუნივერსიტეტო და ინსტიტუციური თანამშრომლობების ჩამოყალიბებას და განვითარებას”,-ნათქვამია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები