ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა გზის გადაკეტვა სცადეს და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ
ვარკეთილის ბაზრობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა ცოტა ხნის წინ გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა.
მოვაჭრეების თქმით, საქონელი და სავაჭრო ჯიხურები, რომლებიც ხანძრისას დაიწვა, დაზღვეული არ ჰქონიათ, ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით ვარკეთილის შერეულ ბაზარში ხანძარი გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ხანძრის შედეგად, დაახლოებით, 4000 კვ-მდე სასაწყობე ჯიხურებია დამწვარი.