რა მდგომარეობაა ამ ზაფხულს დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის განმარტება

რა მდგომარეობაა მიმდინარე სეზონზე დედაქალაქში ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ, არის თუ არა განგაშის საფუძველი – ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, ვახტანგ ლომჯარიამ ისაუბრა.

“განსაკუთრებული არაფერი ხდება. ყოველ წელს გვაქვს შემთხვევები. ყოველწლიურად სააგენტოს წარმომადგენლები ასობით ქევწარმავალს იჭერენ და მოშორებით უშვებენ. არსებობს ირაციონალური შიშები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თბილისში ბინადარი ქვეწარმავლების უდიდესი უმრავლესობა არაშხამიანია. შხამიანიებში გვხდება გიურზა -თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობით, თუ ტრანსპორტს არ ჩამოჰყვა ცენტრალურ უბნებში. ესეც ძალიან იშვიათია. შემთხვევების 80 %-ში საუბრია გველხოკერაზე, რომელიც ჰგავს გველს, მაგრამ ხვლიკია. ის სრულიად უსაფრთხოა.
რა იწვევს გველების არსებობასა და მომრავლებას: ეს არის ბუნებრივი გავრცელების არეალი, მაღალი, გაუთიბავი ბალახი, თუ არ ვუვლით ეზოს, ასევე, ნარჩენები, სამშენებელო ნანგრევები, სადაც შიძლება დამკვიდრდნენ.
საქართველოში, თბილისში უამრავი არეალია, სადაც ისინი ბუნებრივად ბინადრობენ. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ აუცილებელია, მოვუაროთ ეზოს, უნდა მოხდეს ნარჩენების მართვა, რათა მღრღნელები არ მომრავლდნენ, რასაც შემდეგ ქვეწარმავალი მოჰყვება. სადაც მათი საკვებია, მათი გავრცელების არეალიც იზრდება.
გამოძახებები თბილისის მასშტაბით ყველგან ფიქსირდება, სადაც ტყე და ველებია, გარეუბნებში – უფრო მეტად. რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში სარდაფიდან ამოვიყვანეთ გიურზა. ის იქ მექანიკურად იყო მოხვედრილი, ავტომობილს ან ტვირთს ჩამოჰყვა. ასე ხვდებიან ხოლმე გიურზები ცენტრში.
მინდა, დაგამშვიდოთ. არაფერი საგანგაშო არ ხდება. პირიქით, რაოდენობა ოდნავ უფრო იკლებს, ვიდრე ადრე გვქონდა“, – განაცხადა ლომჯარიამ.
რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს – ლომჯარიამ  ესეც განმარტა .
“თუ წავაწყდებით ქვეწარმავალს, მნიშვნელოვანია, რომ მისი მიმართულებით არ ვიმოძრაოთ. უკან უნდა გადავდგათ ნაბიჯი და გავეცალოთ. გველს ბევრად მეტად ეშინია ადამიანის, ვიდრე ჩვენ გვეშინია მისი. ნაკბენების უმრავლეოსბა ხელზეა ხოლმე – მაშინ, როცა ადამიანი მის დაჭერას ცდილობს. ამიტომ არ დავეცადოთ დაჭერას, გამოვიძახოთ სპეციალისტები. ჩვენი მობილური ჯგუფი 24 საათის განმავლობაში მზადაა, მოგემსახუროთ თბილისის მასშტაბით და დაგეხმაროთ“, – განაცხადა ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები