14 ივნისი ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა

14 ივნისი საქართველოს დამსახურებული არტისტის, ნატო ვაჩნაძის დაბადების და გარდაცვალების დღეა. მას დღეს 116 წელი შესრულდებოდა.
ნატო ვაჩნაძე (ნატალია ანდრონიკაშვილი) დაიბადა 1904 წლის 14 ივნისს  ვარშავაში.
1910 წელს კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. სწავლობდა თბილისის ქალთა I გიმნაზიაში.
1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა „პრომეთეში“ და საქართველოს იმდროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი.
1932 წელს მუშაობდა მოსკოვში ასისტენტად ცნობილ რეჟისორ-კინოდოკუმენტალისტ ესთერ შუბთან. 1934 წელს კვლავ თბილისშია.
პირველი როლი „არსენა ყაჩაღში” შეასრულა, არაჩვეულებრივი გარეგნობით და არტისტულობით ყველა მოხიბლა. ამას მოჰყვა ნუნუს როლი ფილმში „მამის მკვლელი”, ორივე ფილმი 1924 წელს გამოვიდა ეკრანებზე;
ამის შემდეგ დაიდგა ივანე პერესტიანის ორი ფილმი – „სამი სიცოცხლე” და „ჩვენი ქვეყნის რაინდი”, სადაც აგრეთვე დიდი ოსტატობით ასრულებდა მთავარ როლებს.
მისი, როგორც მსახიობის აღმასვლის, შემდეგი საფეხური იყო ფატის როლი ფილმში – „ვინ არის დამნაშავე?”.
არ შეიძლება, არ აღინიშნოს მის მიერ დიდი წარმატებით შესრულებული როლები კოტე მარჯანიშვილის ფილმებში – „ამოკი” და „კრაზანა”.
მან შექმნა ქალის დაუვიწყარი სახეები ფილმებში: „ქაჯანა”, „სამშობლო”, „ხიდობნელი ქალიშვილი”, „ის კვლავ დაბრუნდება”, „აკაკის აკვანი”, „მწვერვალთა დამპყრობნი” და სხვა.
მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა.
ნატო ვაჩნაძე,  გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით,  დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად, მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „სახკინმრეწვი” საბჭოთა კავშირში უდიდესად აქცის.
საბჭოთა პერიოდის კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი – ნატო ვაჩნაძე  დაიღუპა  1953 წლის 14 ივნისს, საჰაერო კატასტროფის დროს.
ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ – კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. ნატო ვაჩნაძე დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა  პანთეონში.
1996 წლიდან საქართველოს კინოხელოვნების აკადემიაში დაწესდა ნატო ვაჩნაძის სახელობის პრიზი – „ნატო“ (სხვადასხვა ნომინაციით).
1938 წელს მიიღო საპატიო ნიშნის ორდენი, ფილმში „არსენა” – ნენოს როლის შესრულებისთვის;
1941  წელს მიენიჭა  სსრკ სახელმწიფო პრემია, ფილმ „ნარინჯის ველში“, ნანის როლის შესრულებისათვის.
2017 წლის 14 იანვარს, თბილისში, კინომსახიობთა თეატრის წინ, ნატო ვაჩნაძის ძეგლი გაიხსნა (მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძე).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები