“2017 წელს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, „ქართუმ” „ავიასერვისის” აქტივები ამავე კომპანიის თანამშრომლებს გადასცა, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად უზრუნველყოფდნენ ვერტმფრენების ექსპლუატაციას”

„ბიზნესი იმედზე” ავტორმა, ირაკლი წულაიამ ტელეკომპანია „ფორმულაზე” გასულ სიუჟეტზე ისაუბრა.
მისი თქმით, „ავიასერვისის” თანამშრომლებმა 2017 წლის 30 ოქტომბერს დააფუძნეს კომპანია „აერო როტორ ჰოლდინგი”, რომელთაც გადაეცათ მფლობელობაში კომპანია „ავიასერვისი”.
„6 ივნისს გასულ რვაწუთიან სიუჟეტში გვიამბეს, თითქოსდა კომპანია „ავიასერვისი” ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და ევროკავშირთან დადებულ ასოცირების შეთანხმებას არღვევს. სიუჟეტში ითქვა ისიც, რომ ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველო ვალდებული იყო 2020 წლიდან ხმარებიდან ამოეღო რუსული წარმოების ვერტმფრენები, თუმცა ივანიშვილის კომპანია ამას არ ასრულებს და ავღანეთში დაფრინავს.
მართალია, აღნიშნული ავიაკომპანია 2014 წელს „ქართუ ჯგუფის” მიერ დაფუძნდა, მაგრამ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილის სურვილით „ქართუმ” აქტივები გადასცა ამავე კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც წლების მანძილზე ერთგულად უზრუნველყოფდნენ ვერტმფრენების ექსპლუატაციას. „ავიასერვისის” თანამშრომლებმა 2017 წლის 30 ოქტომბერს დააფუძნეს კომპანია „აერო როტორ ჰოლდინგი”, რომელთაც გადაეცათ მფლობელობაში კომპანია „ავიასერვისი”. „მარტივად რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა თავისი თხუთმეტწლიანი აქტივი თანამშრომლებს აჩუქა. „აერო როტორ ჰოლდინგის” ამონაწერში მითითებულია ის ცხრა პირი, რომლებიც „აეროსერვისის” მფლობელები გახდნენ. სწორედ ეს მთავარი დოკუმენტი დამალა ტელეკომპანია „ფორმულამ” და „ავიასერვისის” მფლობელად ისევ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოში რეგისტრირებული რუსული წარმოების ვერტმფრენებს მხოლოდ „ავიასერვისი” არ ფლობს. ასეთივეა ავიაკომპანია „თუშეთიც“. თუმცა, სიუჟეტში ფაქტები ისე იყო მოყოლილი, რომ მხოლოდ ივანიშვილის ვერტმფრენები ქმნიან პრობლემას.

რუსული წარმოების 8 ვერტმფრენიდან, 7 კომპანიას ლიზინგის წესით ყავს აყვანილი და მათ საერთაშორისო მისიებში იყენებს.

რაც შეეხება ევროკავშირთან შეთანხმების დარღვევას, ეს პუნქტიც რბილად რომ ვთქვათ, სიუჟეტში საკმაოდ ზერელედ და ზედაპირულად იყო განხილული. საკითხი, უფრო ღრმად რომ შეესწავლათ აღმოაჩენდნენ, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, ვინც შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციისგან, შეთანხმების აღნიშნული პუნქტის გადავადება ითხოვა. ასეთები არიან, ლიტვა და სლოვაკეთიც. ვინაიდან, ვერტმფრენების ჩანაცვლება რთული პროცესია, იმისათავის რომ პროცესმა სფეროს ეკონომიკური ზარალი არ მოუტანოს, გარკვეული დროა საჭირო. ამასთანავე ამ პუნქტის გადავადება, ქართულ კომპანიებს საშუალებას აძლევს, მონაწილეობა მიიღონ ისეთი ორგანიზაციების ტენდერებში, როგორიცაა: გაერო, ნატო და ა.შ. მათი შედარებითი დაბალი ღირებულება საშუალებას აძლევს კომპანიას მოიგოს მისიების მიერ გამოცხადებული ტენდერები და შეინარჩუნოს კონკურენტუნარიანობა პირველ რიგში, სწორედ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით.

თუ კომპანია ვერ მიიღებს შემოსავლებს საერთაშორისო ტენდერებში, დაკარგავს მნიშვნელოვან შემოსავლებს. ფაქტობრივად, დახურვის პირას მივა და უმუშევრად დატოვებს 200-მდე დასაქმებულ ადამიანს. 2011 წელს სააკაშვილმა და კეზერაშვილმა, როცა მართლა ეკუთვნოდა ეს კომპანია ბიძინა ივანიშვილს, შეუჩერა საქმიანობა „ავიასერვისს” და რაც მაშინ ბოლომდე ვერ მოახერხეს ახლა ცდილობენ თქვენ აზრზე ზეგავლენით განახორციელონ”, – აცხადებს ირაკლი წულაია.

მისივე ინფორმაციით, კომპანიას თავისი წილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში.

„ზრდის პროფესიონალ კადრებს. ქართული დროშით დაფრინავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. აქედან გამომდინარე ნათელია, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გადავადება, არა ერთი ადამიანის და არა მისი კომპანიის, არამედ მთლიანად ქვეყნის ინტერესებში შედის. „სიუჟეტში კი ეს ფაქტი წარმოგვიდგინეს როგორც საფრთხე და ქვეყნის ინტერესების იგნორირება. ტელეკომპანია „ფორმულას”, რომელიც მულტიმილიონერი და ომში დამარცხებული ქვეყნის ყველაზე სწრაფად გამდიდრებული ყოფილი თავდაცვის მინისტრის ტელევიზიაა, არ უცდია ობიექტური სურათის დახატვა. მან თავისი წილი სიცრუე და სპეკულაცია შემატა “ფეიკნიუსთა” ტევად არქივს”, – აცხადებს „ბიზნესი იმედზე” გადაცემის ავტორი ირაკლი წულაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები