ირაკლი სესიაშვილი: ჩვენი ამოცანაა, დეოკუპაცია მოვახდინოთ მშვიდობიანად, მაგრამ უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვწევს ქვეყნის დაცვის უნარი

„ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებობს ეროვნული ინტერესი. შეიძლება, ჩვენ გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები, იდეოლოგია, პოზიციები, მაგრამ სადაც საჭიროა, უნდა ვიყოთ კონსოლიდირებულნი”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ საკითხზე კომიტეტის წევრები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები უმეტესწილად კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობენ.

„მაგრამ როგორც კი კამერების წინ მოხვდებიან ჩვენი ოპონენტები, უკვე პოლიტიკური მადა ძლევთ ხოლმე”, -აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი შეფასებით, რეფორმები, რომლებიც თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წარმოადგინა, ძალიან ამბიციურია.

„რიგ შემთხვევაში, ბატონმა ირაკლიმ ხელი მოჰკიდა იმ პროექტებსა და პროგრამებს, რომლებიც აქამდე მთლიანად მივიწყებული იყო. საუბარია აბსოლუტურად ყველა ყაზარმის ნატო-ს სტანდარტებამდე სრულ მიყვანაზე. ჩვენს ჯარისკაცებს უმაღლესი ხარისხის სამხედრო ფორმები და ფეხსაცმელი აცვიათ.  ისინი აღჭურვილნი არიან თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტის შეიარაღებით. ვმუშაობთ სამხედრო მრეწველობის კიდევ უფრო განვითარებაზე. საუბარია, ასევე, პროექტებსა და პროგრამებზე, რომელიც განათლებას შეეხება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაზე (GDRP).

„უკვე 6 ბატალიონი მომზადდა. ეს არის უნიკალური პროგრამა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები სრულ მხარდაჭერას გვიწევს. ეს პროგრამა იქნება ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი”, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს ამოცანაა, დეოკუპაცია მოახდინოს მშვიდობიანად.

„მაგრამ მტერს უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვწევს უნარი, ჩვენი ქვეყანა დავიცვათ”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები