ირაკლი სესიაშვილი: ანგარიშში არ არის მითითებული, რა წყაროზე დაყრდნობით გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი
“ანგარიშში არ არის მითითებული, რა წყაროზე დაყრდნობით გაკეთდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე ძალიან მაღალი ინტენსოვობისაა.
“მაქვს ეჭვი, რომ ეს არის ვიწროპილიტიკური ინტერესების გამტარებელი ჩანაწერი და ვხედავ ლობისტების ხელს. ანგარიშში წერია, რომ საქართველოზე შესაბამისი ინფორმაცია ეყრდნობა ორ წყაროს და მითითებული აქვთ ორი ანგარიში. ორივე ტექსტში, თავის მხრივ, არის ძალიან პოზიტიური გზავნილები, არანაირი მინიშნება კრიტიკაზე არ არის. ხოლო კრიტიკულ ნაწილში წყარო აღარ არის მითითებული და ვერც იქნება. ამერიკასა და საქართველოს ურთიერთობა აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, რაც არის ყველაზე მთავარი, ძალიან მაღალი ინტენსოვობისაა და ეს დაადასტურა კიდეც საგარეო მდივნის მოადგილემ. ნატო, ევროკავშირი, მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები ერთხმად აღიარებენ, რომ საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ავლენს არა მხოლოდ მაღალ პოლიტიკურ მზაობას, არამედ პრაქტიკულ ნაწილში დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს. ეს არის ფაქტი. ვფიქრობ, ეს ჩანაწერი იყო ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესების გამოვლინება. შესაბამისად, ობიექტურად და ლოგიკურად, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობის შედეგი და ქართული საზოგადოება ამას ისე აღიქვამს, როგორც საჭიროა. საზოგადოება აღიარებს მხოლოდ სიმართეს. სიმართლეს ყველა ვხედავთ, რომ საერთაშორიოს საზოგადოება, ჩვენი პარტიორი ქვეყნების მთავრობები, მათი შესაბამისი ანგარიშები ცალსახად მიუთითებენ, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.
ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე – მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე – ჯო უილსონი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც.
კერძოდ, ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსული პროპაგანდის შეკავებისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონტექსტში.