ანრი ოხანაშვილი: წარმოუდგენელია, რომ ასეთ მარგინალურ, დესტრუქციულ ჯგუფებთან ჩვენ რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობა ვიხილოთ

„აზრის მშვიდობიანი გამოხატვა კანონმდებლობას არ ეწინაადეგება. შესაბამისად, შეკრების თავისუფლება დაცულია. წარმოუდგენელია, რომ ასეთ მარგინალურ, დესტრუქციულ ჯგუფებთან ჩვენ ვიხილოთ რაიმე ფართომასშტაბიანი მსვლელობა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან პარლამენტში განაცხადა.
“ვინც იქ იქნებიან, ისინი ეპიდსიტუაციაზე რაიმე ტიპის გავლენას ვერ მოახდენენ. თუმცა, ყველას მოვუწოდებ, რომ დაიცვან დისტანცია, გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობასა და საკუთარ თავს ისევე, როგორც – საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.
​მშვიდობიანი ადამიანების პროტესტი ბოროტად გამოიყენეს საკუთარი მიზნებისთვის იმ დესტრუქციულმა ჯგუფებმა, ვინც პარლამენტში შემოჭრას ცდილობდა. არაერთხელ მითქვამს, რომ ვიყავი სოლიდარული იმ გულწრფელი პროტესტის მიმართ, რომელიც იყო მშვიდობიანი, არაპარტიული აქტივის მიერ გამოხატული. ჩვენმა საზოგადოებამ და თქვენც, ჟურნალისტებმაც ძალიან კარგად იცით დესტრუქციული და მარგინალური ძალების მხრიდან თუ როგორ იქნა ბოროტად გამოყენებული მშვიდობიანი და გულწრფელი პროტესტი. ჩვენ, ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაიგეგმა და როგორ ხდებოდა პოლიციელებზე ზემოქმედება, როგორ მიზანმიმართულად ხორციელდებოდა პარლამენტის წინააღმდეგ შტურმი და იყო შემოჭრის მცდელობა. ეს სიტყვები ამ მარგინალური ჯგუფის წარმომადგენლებმა დაადასტურეს პირდაპირ ეთერში, სადაც თქვეს, რომ მათ ხელისუფლებას დააშვებინეს შეცდომა, რითიც აღიარეს და, რაც ყველაზე მეტად მძიმე იყო, მათ თავადვე დაადასტურეს, რომ მშვიდობიანი ხალხის პროტესტი საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენეს”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები