ირაკლი ბერაიამ და ტომ ტუგენდჰატმა სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და ბრიტანეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ტომ ტუგენდჰატთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და ბრიტანეთში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და პანდემიის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები განიხილეს. ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად მიმართულებებზე, მათი გაღრმავების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით – პოსტკრიზისულ პერიოდში.
საუბრისას მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებსა და ოკუპანტი სახელმწიფოდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებზე, მათ შორის, საქართველოს წინააღმდეგ რუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე.
ირაკლი ბერაიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შემდგომი კონსოლიდაცია და რუსეთზე ზეწოლის გაზრდა აგრესორი სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით.
საუბრისას ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობა, ხელისუფლების მიერ გატარებული ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აღინიშნა. ყურადღება ასევე გამახვილდა ქვეყანაში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებზე.