მარიანა ჩოლოიანის საქმეზე გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმა დაკითხეს
15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მარიანა ჩოლოიანის საქმეზე ლუკა სირაძის ძმა, ბექა სირაძე დაიკითხა.
როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ლევან ქუთათელაძემ განაცხადა, ბექა სირაძემ სასამართლოს პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
„დღეს ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე დაიკითხა. საუბარია გარდაცვლილ არასრულწლოვან ლუკა სირაძის ძმაზე, ბექა სირაძეზე. მან სასამართლოს მიაწოდა ინფორმაცია პოლიციის განყოფილებაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. მან ინფორმაცია მიიღო უშუალოდ პოლიციის შენობაში მყოფი პირებისგან, მათ ბექა სირაძეს განუცხადეს, რომ ლუკა სირაძის მიმართ, ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის მიერ განხორციელებულ იქნა ფსიქოლოგიური ზემოქმედება ჩვენების იძულებით მიცემის მიზნით. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ბექა სირაძეს პოლიციის განყოფილებიდან განხორციელებული ჰქონდა ლუკა სირაძესთან სატელეფონო ზარი, თუმცა, დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ამ ეტაპზე სხვა პოლიციელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა გამოძიება მიმდინარეობს”, – განაცხადა ქუთათელაძემ.
ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 19 დეკემბერს შეუფარდა.