ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა კახეთის რეგიონში სოფელ რუისპირში მდებარე კომპანია „ლექსოს მარანის“ საოჯახო ტიპის სასტუმრო „არგეს“ ესტუმრა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, სასტუმრო ცოტა წინ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაფართოვდა და 11 ახალი ნომერი დაიმატა, რის შემდეგაც ოთახების რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. სასტუმროში ამჟამად 15 ადამიანია დასაქმებული. ჯამურად, ინვესტიციის მოცულობამ, დაახლოებით, 2.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც სესხის მოცულობა პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 1.45 მილიონი ლარია.
ნათია თურნავას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად მსოფლიოში ტურისტული ინდუსტრიის გაჭირვების მიუხედავად, რომელიც საქართველოსაც შეეხო, ჩვენს ქვეყანაში მიმზიდველი პროექტები ტურიზმის დარგში კვლავ ხორციელდება.
„კორონავირუსის პანდემიის ფონზე შექმნილი გამოწვევის მიუხედავად, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ დახმარებით კიდევ ერთი სასტუმრო გაფართოვდა. მცირე საოჯახო სასტუმრო “ლექსოს მარანი” თელავში, არაჩვეულებრივი ატმოსფერო, არაჩვეულებრივი ხედი, ეს სასტუმრო გაფართოვდა და ხელახლა გაიხსნა “აწარმოე საქართველოს” დახმარებით. ჩვენი პროგრამის ფარგლებში ასზე მეტი მცირე საოჯახო სასტუმრო გაიხსნა. მოგეხსენებათ, ტურისტულ ინდუსტრიას მთელს მსოფლიოში გაუჭირდა და პანდემიის გამო საქართველოც დაზარალდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კვლავ გრძელდება მსგავსი ტიპის მიმზიდველი პროექტების განხორციელება, მოლოდინები არის პოზიტიური და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია უფრო გაძლიერებული გამოვა ამ გამოწვევიდან და ამ კრიზისიდან, ვიდრე მანამდე იყო“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, ვერც ადგილობრივი და ვერც უცხოელი ტურისტი ვერ შეელევა საქართველოში მოგზაურობას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დანიშნულების ადგილია და გამორჩეულია თავისი უნიკალური ბუნებით, უნიკალური ადამიანებითა და სტუმართმოყვარეობის ძირძველი ტრადიციებით.