ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოები განხორციელდა
ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, ადგილობრივმა მოსახლემ კედელში ჩაარჩო გამოჭრა.
მომხდარში, ქუთაისის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”, გიგა შუშანია ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს.
„ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისის ისტორიულ ნაწილში, რომელიც არის ახალრეაბილიტირებული და ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული ლოკაციია. ხელისუფლებამ გადაწყვიტა დააზიანოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და გამოჭრა ფარდული. ქუთაისის მერია ამბობს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის, ვინაიდან ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან გაიცა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ რომ ქუთაისის პრობლემები ადგილობრივ ხელისუფლებას არ ადარდებს, მათი საქმეა მხოლოდ კორუფცია და ბიუჯეტის სახსრების საკუთარ კომფორტზე მორგება “, – აცხადებს შუშანია.
ქუთაისის მერიაში “რეგიონულ კვირას” განუმარტეს, რომ ბრალდებები აბსურდულია, რადგან ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კანონის დაცვით გასცა.
ბრალდებებს ასევე უარყოფენ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოშიც. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე ამბობს, რომ დიდი ალბათობით, შეთანხმებული პროექტი ჩარჩოს გამოჭრას არ ითვალისწინებდა.
„ამ ეტაპზე, არ მაქვს ნანახი სანებართვო მოწმობა ითვალისწინებდა თუ არა ბიობის ამოჭრას, თუმცა გვაქვს დიდი ეჭვი, რომ პროექტის შეუთანხმებლად მოხდა ეს ქმედება. ორშაბათისთვის, ჩვენი ზედამხედველობის სამსახური დეტალურად შეისწავლის – არის თუ არა ეს კანონდარღვევა“,- განაცხადა ბარამიძემ „რეგიონალურ კვირასთან“ საუბარისას.
ბექა ბარამიძის განამრტებით, შეფასების შემდეგ გადაწყდება დაეკისრება თუ არა ფაართის მეპატრონეს ფულადი ჯარიმა.
ცნობისთვის, ქუთაისის ისტორიულ უბანში, ფარდული რამდენიმე დღის წინ ამოჭრეს, რასაც საზოგადოების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.