ლალი მარგიანი მაღალმთიან მესტიაში დაიბადა და გაიზარდა, სკოლაც მესტიაში დაამთავრა და სწავლა ქუთაისში, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განაგრძო. მომავალი მეუღლეც სწორედ უნივერსიტეტში გაიცნო და ონში გადაცხოვრდა. მაღალმთიანი გარემოს სიყვარუალი ადრეული ასაკიდან გამოჰყვა, ონის კლიმატთან შეგუებაც არ გაჭირვებია.
„მალევე შევეჩვიე აქაურობას, დავფუძნდი. გლოლას საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად დავიწყე მუშაობა, მეუღლე 9 წელიწადია, რაც გარდამეცვალა, მარტო გავუძეხი 3 შვილსა და 7 შვილიშვილს“, – ამბობს ლალი „რეგიონულ კვირასთან“.
პანდემიის პერიოდში ლალის დილა ონლაინგაკვეთილებითა და კომპიუტერთან ურთიერთობით იწყება, მერე საოჯახო საქმიანობა, ყანა და ბოსტანია მისახედი.
„ბავშვები ისე აქტიურად არიან ჩართულნი ამ ტიპის სწავლებაში, მგონი, რეალურ გაკვეთილზე მეტად მოსწონთ. ერთი ესაა, სკოლა მაინც ძალიან ენატრებათ“, – ამბობს ლალი მარგიანი.
ლალი, პედაგოგობასთან ერთად, ონის ფოლკლორული ანსამბლის, „ბუბას” ხელმძღვანელია და ამ პერიოდის მონატრებას სახლში აკორდეონზე სიმღერით იკლავს.
„ანსამბლში 80-იანი წლებიდან მივედი. მართალია, მიზერული დაფინანსება გვაქვს, მაგრამ ანსამბლი დღემდე სახელოვნად მოღვაწეობს. 2000 წლიდან ამ მუსიკალური კოლექტივის ხელმძღვანელი გავხდი და თავის მოსაწონებელიც მაქვს – ანსამბლი „ბუბა“ მრავალი ფესტივალისა და კონკურსების ლაურეატია”, – იხსენებს ანსამბლის ხელმძღვანელი.
პედაგოგმა და ანსამბლის ხელმძღვანელმა მაღალმთიანი რაჭის ტურიზმის პერსპექტივიდან გამომდინარე საოჯახო სასტუმროს გაკეთებაც გადაწყვიტა. სახელმწიფო პროგრამაში – „აწარმოე საქართველოს“ კონკურსისთვის პროექტი დაწერა და 5000-ლარიანი დაფინანსებაც მოიპოვა. როგორც საოჯახო სასტუმროს დიასახლისი გვიყვება, სასტუმრო ყოველთვის დატვირთული იყო, თუმცა წელს ხალხმრავლობას ერიდება.
„თუ საექსკურსიო ჯგუფია, 20 ადამიანის დაბინავება შემიძლია, ნომრები ოჯახებისთვისაც მაქვს, ხალხი მიკავშირდება, მაგრამ ამ ფონზე ხალხმრავლობას უნდა მოვერიდო. თუმცა ჩემმა შვილმა ერთი კარგი იდეა შემომთავაზა და წელს მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ბავშვებისთვის სუფთა ჰაერი სასიცოცხლოდ ესაჭიროებათ, უფასოდ მივიღებთ“, – გვითხრა საქველმოქმედო ინიციატივაზე ლალიმ.
ლალი მარგიანი რაჭიდან წასვლას არ განიხილავს მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება აქვს, მას მთების სიყვარული მაღალმთიანი სვანეთიდან გამოჰყვა და ახლა, როცა გზები და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, გლოლაში ცხოვრება სულაც აღარ ეძნელება.
„ადრე ადამიანი ავად რომ გახდებოდა, შიში გვიპყრობდა, ისეთი ცუდი გზა იყო, სასწრაფო დახმარების მანქანა ამოსვლას ვერ ახერხებდა. ახლა ასე აღარაა, კარგი გზა გვაქვს. ახალი მერი როცა ინიშნება, იმ იმედით ვარ, რომ რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება. იმედია, მალე შევხვდებით და ჩვენს საჭიროებებს გავაცნობთ“, – ამბობს ლალი მარგიანი.
მარინე სვანიძე