დღეიდან თეთრიწყაროში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოიხსნა

დღეიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საკარანტინე შეზღუდვები მოიხსნა, ყველა საკონტროლი გამშვები პუნქტი გაუქმებულია და, 39-დღიანი შეზღუდვების შემდეგ, მოქალაქეებს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა ექნებათ.
გატარებული პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქალაქის გახსნასთან დაკავშირებით.
“ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდი სირთულეების დაძლევა მოგვიწია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამ პროცესებში ჩართულ პირებსა თუ უწყებებს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო თავდაცვის ძალებს, პოლიციას, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს, თეთრიწყაროს ჯანდაცვის ცენტრს გაწეული დაუღალავი შრომისთვის”, –  განაცხადა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ქორიძემ.

ცნობისთვის, თეთრიწყაროში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა 25 აპრილს დაფიქსირდა, ხოლო 26 აპრილს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მუნიციპალური ცენტრი ჩაიკეტა.
მუნიციპალიტეტში სულ კორონავირუსის 55 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 50 უკვე გამოჯანმრთელდა
ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 7 ხოლო კარანტინში 36 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მკურნალობს 5 პაციენტი, თერმოსკრინინგის პროცედურა ჩატარებული აქვს 17 886 პირს, პი-სი-არ ტექნოლოგიით ტესტირება ჩატრებული აქვს, ჯამურად, 872 პირს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები