ვინ იქნება რუსეთ-უკრაინის დიალოგის შუამავალი – ევროკავშირში თემაზე მსჯელობა კვლავ გრძელდება

ევროკავშირი რუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის იდეაზე მსჯელობას აგრძელებს,- ამის შესახებ Politico წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ამ ინიციატივის განხილვა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში აშშ-ის, როგორც შუამავლის როლის შემცირების ფონზე გააქტიურდა.

მედიის თანახმად, ევროკავშირის ქვეყნები ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ ორად არიან გაყოფილნი.

უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი ეწინააღმდეგება ასეთი პოზიციის შექმნას და ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ არის დაინტერესებული ნამდვილი ცეცხლის შეწყვეტით. ისინი თვლიან, რომ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნამ შესაძლოა, რუსეთზე სანქციების ზეწოლის შემსუბუქება გამოიწვიოს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ევროპამ თავი უნდა აარიდოს მოსკოვთან მოლაპარაკებებისკენ ნაჩქარევ ნაბიჯებს. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, არ შეიქმნას უკრაინაზე ზეწოლის შთაბეჭდილება შესაძლო დათმობებისთვის.

ესტონეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე იმ რისკის შესახებ განაცხადეს, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს მოლაპარაკებების პროცესი სიტუაციის გასაჭიანურებლად და დამატებითი უპირატესობების მოსაპოვებლად.

საკითხის განხილვა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ამ კვირაში იგეგმება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაია კალასმა, ადრე ინიციატივის მიმართ სკეპტიციზმი გამოთქვა.

ამასობაში, იდეის მომხრეები უკვე განიხილავენ სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შესაძლო კანდიდატებს, რომელთა შორის არიან ანგელა მერკელი, მარიო დრაგი, ალექსანდრ სტუბი, ანტონიო კოშტა და ჟან-კლოდ იუნკერი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები