გიორგი გახარია: შემდგომში თითოეული ჩვენი ნაბიჯი უაღრესად ფრთხილი და გონივრული უნდა იყოს

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით შემდგომში გადადგმული თითოეული ნაბიჯი ფრთხილი და გონივრული უნდა იყოს. როგორც მან აღნიშნა, ეს არის შესაძლებლობა, საქართველო წარმატებით გაუმკლავდეს ეკონომიკურ კრიზისსაც.

„ეპიდემიოლოგიურად დღეს ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა გვაქვს, თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გეგმა, რომელსაც მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, ეფექტურად გვაძლევს ვირუსის გავრცელების კონტროლის შესაძლებლობას, თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში, მომავალში ყოველდღიურად უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შევძლებთ, ჩვენ წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისსაც და ამაზე ცოტა მოგვიანებით.
ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს უნდა იყოს და ჩვენი ძირითადი სტრატეგია არის, რა თქმა უნდა, ინფიცირების შესაძლო სწრაფი, უსწრაფესი გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური, სწრაფი მკურნალობა და შემდგომ მისი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში ასევე სწრაფად დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციისა და მართვის, ვირუსთან ერთად ცხოვრებისა; ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ უნდა ვმართოთ ჩვენ ეს რისკები, ვირუსის გავრცელების სისწრაფისა და მისი გეოგრაფიის.
ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი, თითოეული ჩვენგანის, თითოეული მინისტრისა და თითოეული სამინისტროსი – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და სწრაფად ადამიანების ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება“, – განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები