თბილისის მერიამ ვაკის პარკის კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ხელშეკრულება გააფორმა
“თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადისა და შადრევნების რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე შპს “ელემსისთან“ ხელშეკრულება გააფორმა”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელიც მოახდენს არსებული კასკადის საპროექტო დოკუმენტაციის წარმოდგენას, რომელიც ზაფხულის ბოლოსთვის უნდა იყოს წარმოდგენილი. აღნიშნული შესყიდვის ფარგლებში დამუშავდება კასკადისა და შადრევნების როგორც არქიტექტურული, ასევე, საინჟინრო პროექტები. მნიშვნელოვანია, რომ პროექტირების შედეგად ობიექტის პირვანდელი სახე იქნას შენარჩუნებული.
ასევე, საუბარი არის ვერეს ხეობიდან წყლის ამოღებაზე, რათა კასკადმა უპრობლემოდ შეძლოს ფუნქციონირება. ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება, თუმცა შესწავლა მიმდინარეობს და ცოტა მოგვიანებით მოგაწოდებთ ინფორმაციას ამ კვლევაზე. როგორც იცით, ეს არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კასკადი. საკმაოდ რთული კონსტრუქციაა, რომელიც, სამწუხაროდ, მოუვლელობის გამო უკვე წლებია, არ მუშაობს და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. პროექტის შედეგად ცენტრალური ღერძის გასწვრივ არსებული კასკადი და შადრევნები ჩვენს დედაქალაქს პირვანდელი სახით დაუბრუნდება. რეაბილიტაციის პროექტი, როგორც გითხარით, ზაფხულის ბოლოს იქნება მოწოდებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ვაკის პარკსა და ამ კონკრეტულ კასკადს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
„შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალზე მუშაობა, რათა ჩვენ მივიღოთ ისეთი, როგორიც ეს წარმოუდგენიათ თბილისელებს და დარწმუნებული ვარ, პროექტი, რომელიც განხორციელდება, იქნება ერთ-ერთი საუკეთესო და ყველა ვიამაყებთ ამ კონკრეტული პროექტით. მე ბავშვობაში მახსოვს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც ეს კასკადი მუშაობდა, ძალიან ლამაზი იყო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სივრცე იყო ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.