“ლავასოღლის” ოჯახის წევრები იუსტიციის მინისტრს მიმართავენ და 15:00 საათამდე ვადას აძლევენ
მინდია გორაძის ოჯახის წევრები და ახლობლები თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებული ე.წ კანონიერი ქურდის საქართველოში ექსტრადირებას ან გათავისუფლებას უკვე მესამე დღეა, მოითხოვენ.
ამ მიზნით, 15 – მდე პირი ბათუმის იუსტიციის სახლთან შიმშილობას აგრძელებს. როგორც ისინი ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავენ, დაკავებული არაადამიანურ პირობებში იმყოფება და მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს.
“ჩვენ მოვითხოვთ მის გათავისუფლებას ან საქართველოში ექსტრადირებას. ხელისუფლებას არ განუმარტავს, რისთვის ვერ ხერხდება უკვე მეორე წელია მისი ექსტრადირება. ეჭვი გვაქვს, რომ საქმე მიზანმიმართულად ჭიანურდება. დრო მივეცით იუსტიციის მინისტრს 15:00 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვახდენთ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის პიკეტირებას“, – განაცხადეს მოშიმშილეებმა.
მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის” ახლობლებმა საპროტესტო აქცია პირველ ივნისს პროკურატურასა და თურქეთის საკონსულოსთანაც გამართეს. ისინი თურქეთში გამართულ სასამართლო პროცესს ელოდებიან და დაშლას არ აპირებენ.
ცნობისთვის, ე.წ კანონიერი ქურდი, მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” თურქეთში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება. მსჯავრდებულს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობა ედება ბრალად. მისი ადვოკატის თქმით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.