აშშ-ის დემოკრატები ტრამპს აკრიტიკებენ – “მშიშარა ადამიანის ქმედებაა, ნაკლებეფექტური და საშიში”
აშშ-ის კონგრესის დემოკრატიული პარტიის ლიდერებს – წარმომადგენელთა პალატის ლიდერ ნენსი პელოსისა და სენატში უმცირესობის ლიდერ ჩაკ შუმერს მიაჩნიათ, რომ პროტესტების დროს ქვეყნის ლიდერის ქმედება არის “მშიშარა ადამიანის ქმედება”, არის ნაკლებეფექტური და საშიში.
ამის შესახებ შუმერისა და პელოსის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
“ამ მძიმე დროს ჩვენს ქვეყანას ნამდვილი ლიდერი ესაჭიროება. უთანხმოების, შეუწყნარებლობისა და ძალადობის მუდმივი წაქეზება არის არაეფექტური და საშიში. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა ერთობას საჭიროებს, პრეზიდენტი მას გლეჯს. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პროვოკაციების არარსებობის პირობებში ცრემლსადენი გაზის გამოყენება მხოლოდ იმისთვის, რომ პრეზიდენტმა ტაძრის წინ ფოტოს გადაღება შეძლოს, აუფასურებს ყველაფერს, რასაც რწმენა გვასწავლის”, – ნათქვამია განცხადებაში.
პელოსი და შუმერი მოუწოდებენ ტრამპს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ყველა პასუხისმგებელ პირს, პატივი სცენ ამერიკელების ღირსებასა და უფლებებს.
გვიან ღამით, აშშ-ის ლიდერის სიტყვით გამოსვლის დროს თეთრ სახლთან შეკრებილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ამის შემდეგ, თეთრი სახლის ლიდერმა შენობა დატოვა და იმ ტაძრისკენ გაემართა, რომელსა წინა ღამით ცეცხლი მოუკიდეს.
ეკლესიასთან ტრამპმა ბიბლია აღმოაჩინა და ფოტო გადაიღო.