კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, მეღვინეობის მხარდაჭერის ღონისძიებებზე პრემიერმინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა

ყურძნის უხვი მოსავლის მოლოდინში მთავრობა რთველისთვის მზადებას იწყებს, – კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული კრიზისის ფონზე, მეღვინეობის სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებებზე საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბრისას განიხილეს მსოფლიო პანდემიის გამო მეღვინეობის ინდუსტრიაში შექმნილი მდგომარეობა და ზარალი, რომელიც დარგმა შემცირებული ტურიზმის პირობებში მიიღო.

იმსჯელეს ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ბიზნესის მხარდამჭერ ნაბიჯებზე, რომლებიც მეღვინეობის სექტორსაც ეხება.

გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა და ის უკვე ღვინის ინდუსტრიასაც მოიცავს, რაც ღვინის კომპანიებს პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადალახვაში შეუწყობს ხელს.

პრემიერმინისტრის დავალებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს, რათა ყურძნის მოსავლის დაბინავებაში პრობლემები არ შეიქმნას და რთველის სეზონს როგორც სახელმწიფო, ისე  კერძო სექტორი მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები