რუსუდან თევზაძე: პოსტპანდემიურ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსების წესი შეიცვალოს

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერის, რუსუდან თევზაძის განცხადებით, პოსტპანდემიურ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სახელოვნებო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსების წესი შეიცვალოს.
ამის შესახებ რუსუდან თევზაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, სახელმწიფოს განვითარების არსებითი დასაყრდენი განათლებაა, შესაბამისად, მისთვის გადაგმული ყოველი გონივრული და რაციონალური ნაბიჯი მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ყურადსაღებია სახელოვნებო უმაღლესი საასწავლებლების პრობლემები, ვინაიდან, ზოგადად, კულტურა და სხვადასხვა სახელოვნებო მიმართულება ადამიანის უმთავრეს ღირებულებებს აყალიბებს და ასევე ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს.

დღეს, განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეიცვალოს სახელოვნებო უმაღლესების სტუდენტების დაფინასნების წესი. ის არ უნდა იყოს მიბმული საერთო წესთან, რომელიც გულისხმობს სტუდენტის სტანდარტულ ვაუჩერულ დაფინანსებას ( 2250 ლარით), რაც, პრაქტიკულად, ნულოვანი დახმარებაა, ვინაიდან ჩვენი მიმართულებები ძალიან სპეციფიკური და მასალატევადი გახლავთ.
ჩვენ შემთხვევაში საჭიროა ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა; სასწავლო თეატრის აღჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და დამხმარე პერსონალით; კინოს მიმართულების სტუდენტებისთვის აუცილებელია მაღალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების გადასაღები აპარატურა შესაბამისი ტექპერსონალით. სწორედ ამის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, საპილოტე რეჟიმში გაკეთდა სახელოვნებო მიმართულების სტუდენტთა სწავლის ღირებულების კალკულაცია და თანხებმა 3-ჯერ და მეტად გადააჭარბა წლების წინ დადგენილ ასიგნებას (ინფლაციური პროცესების გამო). სამწუხაროა, რომ არსებული რესურსი არაჯეროვანია ტექნოლოგიურ წინსვლასა და განახლებასთან. ვერ ვითვალისწინებთ სტუდენტების, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის მოტივაციის კომპონენტს. ახალი დაფინანსებით უზრუნველყოფილი იქნება სტუდენტის მაღალ შედეგზე ორიენტირებული, მდგრადი განვითარება”, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია უსაფრთხოების კომპონენტის მთლიანი სუბსიდირება.
“ასევე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა და განსაკუთრებით სახელოვნებო უნივერსიტეტების უსაფრთხოების კომპონენტის მთლიანი სუბსიდირება, ვინაიდან ეს დიდ თანხებთანაა დაკავშირებული და თან ჩვენი შენობების კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ართულებს და აძვირებს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. იკვეთება ერთგვარი შეუთავსებლობა სავალდებულო მოთხოვნებსა და შესრულების რეალობას შორის”, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები