სპეციალურად ბავშვებისთვის – მუსიკალური ზღაპარი YouTube-ზე

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, სპეციალურად ბავშვებისთვის, „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე, 19:00 საათზე, ნაჩვენები იქნება სერგეი პროკოფიევის „პეტრე და მგელი“.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა მუქერიამ აცნობა, ამ უნიკალური ნაწარმოებით ბავშვები გაიცნობენ მუსიკალურ ინსტრუმენტებს და ეზიარებიან კლასიკური მუსიკის ჯადოსნურ სამყაროს.
„1936 წელს, სერგეი პროკოფიევმა დაწერა „პეტრე და მგელი“ – „სიმფონიური ზღაპარი ბავშვებისათვის“, სადაც მთხრობელი ბავშვებს უყვება ამბავს, ხოლო ორკესტრი უკეთებს ილუსტრაციას.
თითოეულ პერსონაჟს, თავისი დამახასიათებელი მუსიკალური თემით სხვადასხვა ინსტრუმენტი ახმოვანებს: ჩიტი – ფლეიტა; იხვი – ჰობოი; კატა – კლარნეტი; ბაბუა – ფაგოტი; მგელი – ვალტორნები; მონადირეები – ხის ჩასაბერი ინსტრუმენტების და საყვირის მუსიკალური თემები, ხოლო იარაღის სროლის ხმა – ტიმპანი და დიდი დოლი; პეტრე – სიმებიანი საკრავები (ვიოლინო, ალტი, ჩელო და კონტრაბასი).
ამ ნაწარმოების უამრავი ჩანაწერი არსებობს და 1 ივნისს, 19:00 საათზე ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერს გთავაზობთ „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე, რომელიც 2011 წელს, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალზე განხორციელდა (სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან ცხადაძე).
„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად ასრულებდნენ: კერსტენ მაკკოლი (ფლეიტა), გიორგი გვანცელაძე (ჰობოი), ლევან ცხადაძე (კლარნეტი), ბრამ ვან სამბეკი (ფაგოტი), ვოფგანგ გააგი (ვალტორნა), კონსტანტინე ჩადუნელი (ვალტორნა), ბაჩანა ბექაური (ვალტორნა), ფრიც დამროვი (საყვირი), მამუკა ბექაური (ტრომბონი), ვიმ ვოსი (დასარტყამი ინსტრუმენტები), გიორგი გიგუაშვილი (ტიმპანი), მთხრობელი კი გახლდათ ლევან წულაძე“, – აღნიშნავს თეა მუქერია.

მუსიკალური ზღაპრის ყურება შესაძლებელია  „საქართველოს სინფონიეტას“ YouTube არხზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები