განათლების მინისტრის მოადგილემ კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართა

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ” გამართა. შეხვედრა ადამიანური რესურსების კუთხით ბიზნესის საჭიროებებისა და სამინისტროს მხრიდან გადასადგმელი ნაბიჯების განხილვას დაეთმო.
განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე გამახვილდა, რომლის წინაშეც კერძო სექტორი პანდემიისა და მის შემდგომ პერიოდში აღმოჩნდა. შეხვედრის მიმდინარეობისას, ბიზნესის წარმომადგენლებმა დეტალურად ისაუბრეს მიმდინარე პერიოდში გამოვლენილ საჭიროებებზე, ხოლო მინისტრის მოადგილემ პროფესიული განათლების ის მექანიზმები მიმოიხილა, რომელთა მორგებაც ეფექტური იქნება აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად – ადამიანური რესურსის მომზადება-გადამზადებისა და ტრენინგების მიმართულებით ბიზნესის მოკლევადიანი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, აღნიშნული ღია დიალოგის ფორმატის ლოგიკური გაგრძელების უზრუნველსაყოფად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში დაიწყებს კამპანიას ბიზნეს სექტორთან და დარგობრივ ასოციაციებთან გამოწვევებისა და სამუშაო ძალის გადამზადების საჭიროებების იდენტიფიკაციის მიზნით.
​თამარ ქიტიაშვილთან შეხვედრას ეროპული ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა სექტორიდან და მონაწილე ბიზნესის/სექტორული ასოციაციების მოწვეული წარმომადგენლები ესწრებოდნენ: ტურიზმის და გასტრონომიის აკადემია, ლე-როშეს წარმომადგენელი საქართველოში,“შუხმან ვაინს ჯორჯია”, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაცია, თეგეტა აკადემია, კომპანია “აჭარა ტექსტილე”, საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია, საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია, საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, კომპანია SafCo.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები