30 მაისი ქართველი პოეტისა და ჟურნალისტის – ნანა ღვინეფაძის დაბადების დღეა

30 მაისს გამოჩენილი ქართველი პოეტი და ჟურნალისტი – ნანა ღვინეფაძე დაიბადა.
შეუძლებელია უდიდესი მოწიწებისა და აღტაცების გარეშე ისაუბრო 92 წლის იუბილარზე, ვინც შვიდ ათეულ წელიწადზე მეტი მიუძღვნა ქართულ ლექსსა და ჟურნალისტიკას.
ნანა ღვინეფაძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრმცოდნეობას, თავიდან, როგორც მისი ისტორიის მკვლევარმა და მერე მოქმედმა რეცენზენტმა, ალბათ, არ დარჩენილა არცერთი ქართული თეატრი, რომელზეც ნანა ღვინეფაძეს არ დაეწეროს. მას ეკუთვნის ასობით რეცენზია როგორც ქართული თეატრის სპექტაკლებზე, ასევე უცხოეთიდან წვეულ თეატრალურ დასებზე. ეს მართლაც რომ საარაკო ნაყოფიერება და მრავალფეროვნებაა! თუმცა, სიუხვეზე მთავარი ის სიღრმე და სინატიფეა, თუ როგორ წერს ნანა ღვინეფაძე.
მისი სამოცი წლის წინანდელი ნაწერიც რომ ჩაგივარდეთ ხელში, ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ვერ იგრძნობთ, რომ ის წარსულში დაიწერა, დღესაც მოქმედი და სასარგებლოა! ეს არის წერის მაღალი ხელოვნება, ყავლგაუვალი ტექსტები, საიდანაც ბევრს სწავლობ და ხვდები, თუ რა ძალა აქვს დახვეწილ გემოვნებას და ფართო აკადემიურ კულტურას.
არც ქართულ მწერლობაზე, არქიტექტურაზე, მხატვრობასა და კინემატოგრაფზე ექნება ამდენი ნაწერი რომელიმე ქართველ ჟურნალისტს.
ამას წინათ მასთან ინტერვიუ წავიკითხე და იქ ამბობს, რომ მას 100-ზე მეტ ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლზე დაუწერია. ქართული ეკლესია-მონასტრები იმხანად სახარბიელო თემა ვერ იქნებოდა, მაგრამ ქალბატონი ნანა ჩვენი რწმენის ბურჯებს ვერასოდეს ელეოდა და მათზე წერდა განუწყვეტლივ. ამ მხრივაც იგი უნიკალური ჟურნალისტია  და მაგონებს საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის ნათელა იანქოშვილის იშვიათ თავდადებას და ნაყოფიერებას, ვინც იმ „უჟამო ჟამს“ ასზე მეტი ქართული ტაძარი აამეტყველა ფერწერულად!
ცალკე თემაა ქალბატონი ნანას მეგობართა და მისი დიდნიჭიერების თაყვანისმცემელთა საზოგადოება, ესენი იყვნენ: ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, დიმიტრი ალექსიძე, სერგო ზაქარიაძე, მედა ჯაფარიძე, ზინა კვერენჩხილაძე, ლია ელიავა, ლეილა აბაშიძე, დოდო ჭიჭინაძე, ეთერ გუგუშვილი, დიმიტრი ჯანელიძე, ანტონ წულუკიძე, ოთარ თაქთაქიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ვასილ კიკნაძე, ნადია შალუტაშვილი, ნათელა ურუშაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, ლადო გუდიაშვილი, ქეთევან მაღალაშვილი, ელენე ახვლედიანი, ბიძინა ავალიშვილი, მანაბა მაგომედოვა, ნანა ბოტკოველი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, რეზო ჩხეიძე, გურამ შარაძე, ვახტანგ ცინცაძე, ლადო ავალიანი, ნათელა იანქოშვილი, მარიკა ბარათაშვილი, ანა კალანდაძე, მარი აბრამიშვილი, შოთა ნიშნიანიძე, ჯემალ აჯიაშვილი, თამარ ერისთავი და კიდევ რამდენი…
ნანა ღვინეფაძე მეოცე საუკუნის პოეტთა და მხატვართა მუზად არაერთხელ იქცა და ათობით ნიმუში შემორჩა ამის დასტურად.
ქალბატონმა ნათელა იანქოშვილმა კი ასეთი რამ მიამბო: „გული მწყდება, რომ ნანა ღვინეფაძის პორტრეტი ვერ შემოვუნახე მომავალ თაობებს, იგი ერთბაშად იყო გონიერიც, ლამაზიც და გემოვნებიანიც! მე მას რამდენჯერ ვთხოვე მოსვლა ჩემს სახელოსნოში, ის კი მუდამ ისეთი დაკავებული იყო თავისი პროფესიით, რომ ვერასოდეს გამონახა დრო. თუმცა, მე მისი სახე და თვალები არასოდეს დამვიწყებია… როცა „ვეფხისტყაოსანი“ ჩემი ილუსტრაციებით გამოვიდა, იმხანად წიგნის შიგა სუპერისთვის საჭირო გახდა თამარ მეფის პორტრეტის შექმნა. მე თამარის პორტრეტი მაშინ ზეპირად შევქმენი, მაგრამ გეტყვით, რომ მისი ხატვისას მე ნანა ღვინეფაძის თვალები და სახე მედგა თვალწინ“.
ნანა ღვინეფაძე არის მოღვაწის, თავისი სამშობლოს უანგარო სიყვარულის და პროფესინალიზმის განსახიერება. რაც მან შექმნა პოეზიაში, თარგმანსა თუ პუბლიცისტიკაში არის მაღალი სინჯის შესაწირი, რომელიც გაუძლებს დროს და მისით მუდამ იამაყებს შთამომავლობა.
თუ როგორია იდეალური ჟურნალისტიკა, ეს ნანა ღვინეფაძის ნაწერებით უნდა შეიცნო. როგორ გრძნობს იგი ქართულ სიტყვას და მერე რა სასწაულს ახდენს ამ სიტყვებით?! სათაურები კი, როგორსაც ნანა ღვინეფაძე არჩევს, ეს გამორჩეული მადლია, რომელიც უმალ იპყრობს მკითხველის გულსა და გონებას. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ მეოცე საუკუნის იმ დაგმანულ და „უჰაერო“ საბჭოთა ყოფნაში, ნანა ღვინეფაძე წერდა ისეთი სტანდარტით, როგორსაც საუკეთესო ბრიტანულ და ფრანგულ პრესაში, „დეილი ტელეგრაფში“ ან „ფიგაროში“ შეხვდებით. ენის უზენაეს ფლობაზე, ნათელ აზროვნებასა და მაღალ გემოვნებაზე დამყარებულ მის პუბლიცისტიკას დრო ვერ ახუნებს, თითქოს გუშინ არის დაწერილი!
გულითადად გილოცავთ დაბადების დღეს, ძვირფასო ქალბატონო ნანა, წიგნიერ საქართველოს გულწრფელად უყვარხართ და ეძვირფასებით! მრავალჟამიერ თქვენს უბადლო ნიჭსა და შთაგონებას!

გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან

ფოტოს ავტორი: გიორგი ლალიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები