ფონდ „ქართუს“ თანადგომით, „ალევის ოქროსკარიანი“ სამების მონასტრის რესტავრაცია გრძელდება

ფონდ „ქართუს“ და სააგენტოს ერთობლივი პროექტი – „ალევის ოქროსკარიანი“ სამების მონასტრის რესტავრაცია გრძელდება. – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ავრცელებს სოციალურ ქსელში.
2019 წელს ალევის ოქროსკარიანი სამების მონასტრის კარიბჭის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა.
რესტავრაციის ფარგლებში განახლდა სართულშუა კონსტრუქციები, აშენდა ღიობებიანი კედლები, ფიქალის ქვით დაიხურა სენაკის სახურავი. ხით მოეწყო მისი ინტერიერის ჭერი და იატაკი. ასევე შეიცვალა კარ-ფანჯარაც.
კარიბჭის თავზე აღდგა სენაკი და გადასასვლელი, რომლის არსებული კედლები არქიტეტორის ზედამხედველობის ქვეშ თავიდან გადაეწყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სარესტავრაციო პროცესის წარმართვას მთელი კომპლექსის მასშტაბით გეგმავს.
გალავნიანი სამონასტრო კომპლექსი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის ერთ-ერთ შემაღლებაზე ზღვის დონიდან 1964 მ-ის სიმაღლეზე ოკუპირებულ ზონასთან ახლოს მდებარეობს. გალავნის შიგნით მოქცეულია ორი ერთმანეთზე მიდგმული ეკლესია და გალავნის პერიმეტრში ჩართული რამდენიმე სამონასტრო ნაგებობის ნანგრევი, რომელთა ნაწილი 2008-18 წლების ინტერვალში უკვე აღდგენილია. განვლილ წლებში რესტავრირდა კომპლექსის ისტორიული სამრეკლო, სატრაპეზო დამხმარე ნაგებობებთან ერთად, ასევე კარიბჭე და კელიები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები