მინეაპოლისში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადეს – გაერო-ში აშშ-ს რასობრივი ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს(ფოტოკოლაჟი)

მინესოტას შტატის ქალაქ მინეაპოლისის მერმა, ჯეიკობ ფრეიმ ქალაქში 72 საათით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა. ამის მიზეზი გახდა აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება, რომელსაც დაკავების დროს პოლიციელებმა უხეშად ეპყრობოდნენ.

მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალაქის მოსახლეობა სერიოზული ტრავმების მიღების ან გარდაცვალების საფრთხის ქვეშ იმყოფება, სამომავლო არეულობების ალბათობა კი ისეთია, რომ საჭიროა ექსტრაორდინალური ზომების მიღება.

მანამდე საგანგებო მდგომარეობა მინესოტას შტატის მთავრობამაც შემოიღო.

გარდა ამისა, შტატის გუბერნატორმა უსაფრთხოების უზრუნველყოფის დასახმარებლად ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფების დახმარება მოითხოვა.

მინესოტაში მიმდინარე მოვლენებს გაერო-ში გამოეხმაურნენ. როგორც ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უზენაესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტამ განაცხადა, ის გმობს აფროამერიკელის მკვლელობას და ფლოიდის გარდაცვალებაში პასუხისმგებელი პოლიციელების დასჯა მოითხოვა.

მისი თქმით, საჭიროა მომხდარის სრული შესწავლა და იმ როლის აღიარება, რომელიც ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს რასობრივი დისკრიმინაციის ჭრილში მსგავსი სიკვდილების დროს.

ფლოიდის გარდაცვალების გამო დაკავებაში მონაწილე 4 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა, როგორც ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, საჭიროა მათი პასუხისგებაში მიცემა და არამხოლოდ უმუშევრად დატოვება.

აფროამერიკელის გარდაცვალების გამო, მიმდინარე კვირას მინესოტაში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა გუშინ ყველაფერი უკიდურეს არეულობაში გადაიზარდა, რა დროსაც ქუჩაში გასული ადამიანები მაღაზიებს არბევდნენ და ძარცვავდნენ, ასევე, მათ ცეცხლს უკიდებდნენ. ჯამურად, ქალაქში ათობით შენობა დაიწვა.

​პოლიციამ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა, თუმცა განრისხებული ადამიანების შეკავება მაინც ვერ მოხერხდა, ამიტომ შტატის მთავრობამ ეროვნული გვარდიის დახმარება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები