ევროკავშირის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით, საგამოძიებო სისტემის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი უძღვებოდა.
შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საგამოძიებო რეფორმის სწორი იმპლემენტაციის მიზნით სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხი განიხილეს, რომელიც საშუალებას მისცემს სისტემას, ჯეროვნად მოემზადოს რეფორმის განხორციელებისთვის.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავოს პრაქტიკაში რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ამსახველი, შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ახალი კანონმდებლობა ეტაპობრივად აამოქმედოს, რათა თანდათანობით შეიქმნას მყარი საკანონმდებლო გარანტიები ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების უზრუნველყოფისთვის და დაცულ იქნას ბალანსი საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების განსაზღვრისას.
შსს-ს ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციის შესასრულებლად, ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობის ფარგლებში, მოწვეული იყო ექსპერტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოცემული დოკუმენტის შემუშავებაში დაეხმარება.