“იპოთეკური სესხების სუბსიდირება მნიშვნელოვანია” – რას პასუხობენ სამშენებლო სექტორში მთავრობის ინიციატივას

მთავრობა მოქალაქეებს იპოთეკურ სესხებს დაუსუბსიდირებს. დეტალები, თუ როგორი, რა მოცულობისა და იპოთეკური სესხის რამდენი პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს სამთავრობო ინიციატივა, უცნობია. როგორც „კვირას“ კომპანია „არსის“ დირექტორმა, ბესო ორთოიძემ განუცხადა, მთავრობის ახალი ინიციატივის დეტალები არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება სამშენებლო სექტორისათვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება.

ორთოიძის განცხადებით, კორონავირუსის გამო ბინების გაყიდვები, ფაქტობრივად, სრულად შეჩერდა და უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება მთავრობის დახმარების გარეშე შეუძლებელია.

ორთოიძის მოსაზრებით, იპოთეკის სუბსიდირება კარგია, მაგრამ არა – საკმარისი. მისი თქმით, დროის მოკლე პერიოდში იპოთეკის სუბსიდირება ბაზრის სტიმულირებას, ანუ მოთხოვნის გაზრდას უზრუნველყოფს, თუმცა სასურველია, რომ სამშენებლო სექტორმა გარკვეული საგადასახადო შეღავათებიც მიიღოს.
„კარგი ინიციატივაა, დღეს მარტივადაა საკითხი, ვისაც უძრავი ქონების ყიდვა უნდოდა, მოლოდინის რეჟიმშია და მოვლენების განვითარებას ელოდება. სესხის სუბსიდირება სწორედ მოლოდინის რეჟიმში მყოფთა კატეგორიაზეა აქცენტირებული, რომ დღესვე მიიღონ გადაწყვეტილება და ეს არ გადადონ სამომავლოდ“, – აცხადებს ორთოიძე.

როგორც დღეს პარლამენტში საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბინების შეძენა სურთ, მთავრობა მზადაა, ფულად რესურსზე წვდომა გაუიოლოს.

„ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ზარალს, რომელი სექტორიც მიიღებს, გახლავთ მშენებლობა. ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის მხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ ან ამ პროცესში შესულები არიან უკვე, ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა მშენებლობის ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული. დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, რომ არ მივიღოთ იგივე შედეგი, რაც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები