ზაზა გაბუნია: ოპოზიციის მიზანია, დაამძიმოს სურათი, რომ არ შედგეს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც პროგრესი და გამარჯვებაა
“ოპოზიციის მიზანი გახლავთ გააბუნდოვანოს საკითხი, დაამძიმოს სურათი, შეგნებულად და შეუგნებლად აურიოს საკითხები, რომ არ შედეგს დებატები იმ საკითხის ირგვლივ, სადაც არის პროგრესი და არის გამარჯვება და რაზეც, როგორც ხედავთ, ხელისუფლება მადლობას არ ითხოვს”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტი COVID-19- ის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით მთავრობის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ პრემიერმინისტრის მიმართვას ისმენს.
მისივე თქმით, ოპოზიცია საკუთარი განცხადებებით პანიკური სურათის შექმნას ცდილობს.
„თუკი ისინი ეკონომიკაზე ლაპარაკობენ და თუკი მათ ეს საკითხი ადარდებთ, მაშინ სწორედ პანიკური სურათის შექმნას უნდა გავექცეთ, თუმცა მათი მთავარი ინტერესი სწორედ ეს არის”, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
პლენარულ სხდომაზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კითხვით მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას ანტიკრიზისული გეგმის განახლებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ გვაქვს ანტიკრიზისული გეგმა და ეს კარგია, მაგრამ ეს ვერ იქნება სტატიკური დოკუმენტი. ამას დასჭირდება განახლება, ამას დასჭირდება მოდიფიკაცია, განვითარება და სრულყოფა. მაინტერესებს, რამდენად არის ამისთვის მზად მთავრობა, რა იქნება ძირითადი ინდიკატორების საფუძვლები, რითაც დროდადრო ეს დოკუმენტები განახლდება და უფრო სრულყოფილი გახდება”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.