ეკა ლალიაშვილი: ტრანსპორტში მგზავრებს შორის დისტანციაზე რეკომენდაცია გაცემული არაა, ამას შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს
„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის განცხადებით, თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრებს შორის სოციალური დისტანცია დაცული არ იქნება, ამას შესაძლოა, სავალალო შედეგები მოჰყვეს. ამის შესახებ ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
ლალიაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ იქნება.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ის წესები, რომელთა დაცვაც მოგვიწევს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. როცა ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში მუდმივადბდისტანციის დაცვა იყო ნომერ პირველი რეკომენდაცია ყველასთავის, პირბადეების ტარებასთან ერთად. ცოტა უცნაურად ჩანს ის ფაქტი, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დისტანციის დაცვაზე რეკომედანცია გაცემული არაა და მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა არ იგეგმება. ვფიქრობ, ძალიან საფრთხილოა ეს ვითარება. იქნებ, მეტი ვიმუშაოთ და ვიფიქროთ იმ სავალალო შედეგებზე, რაც შეიძლება, ამას მოჰყვეს.
2 დღეში ყველა ტიპის ტრანსპორტი ერთდროულად ამუშავდება. უმჯობესი იქნებოდა, ეს ეტაპობრივად მომხდარიყო, თუნდაც, 1 კვირის დაშორებით ამოქმედებულიყო, დაგვენახა – როგორ მიდის ტრანსპორტის სამუშაობის დინამიკა, როგორია მგზავრთა მოთხოვნა. ახლა კი ერთდორულად მივიღეთ ყველა ტრანსპორტი. შესაძლოა, კერძო კომპანიების ტრანსპორტი მომზადებულიც არაა, ამ ფონზე კი დისტანციის დაცვა არაა რეკომენდებული. სამარშრუტო ტაქსებში იმდენივე მგზავრი იქნება, რამდენიც კოვიდამდე იყო, თუდნაც მხოლოდ სკამებზე, ფეხზე დგომაც რომც არ იყოს დაშვებული, ეს უკვე ბევრია პატარა სივრცეში. იმედი მაქვს, გადაიხედება ეს რეკომენდაციები და დისტანცირება დაემატება“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
ავტობუსებში ამ ეტაპზე მგზავრთა რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის. ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი შარკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზაფხულის პერიოდია, სტატისტიკურად, ამ პერიოდში მგზავრთნაკადი შედარებით დაბალია. არის გარკვეული პერიოდები წლის განმავლობაში, როდესაც პიკური რაოდენობაა მგზავრების, ეს უფრო ხდება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში. დავაკვირდებით მგზავრთნაკადის სიდიდეს და გადაწყვეტილებები ამის მიხედვით იქნება მიღებული, მაქსიმალურად ვეცდებით, გზავრთნაკადის რაოდენობიდან გამომდინარე ტრანსპორტის მაქსიმალური რაოდენობა გამოვიყვანოთ, რომ სიხალვათე იყოს. ამ ეტაპზე ავტობუსებში მგზავრთნაკადის რაოდენობასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ არის“, – განაცხადა შარკოვმა.
შეგახსენებთ, 29 მაისიდან ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება. როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, მგზავრობის დროს აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტრანსპორტში კონდიცირება ჩართული არ უნდა იყოს.
„არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კონდიცირება ჩართული და ფანჯრები უნდა იყოს ღია, მეტროს არ აქვს ამის აუცილებლობა ისედაც ჰაერი ფანჯრებიდან ნიავდება“, – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მიკროავტობუსებში მგზავრები ფეხზე ვეღარ დადგებიან.
თამუნა შეყილაძე