მარინა მუშკუდიანსა და ამირად ფუტკარაძეს 39-წლიანი ოჯახური ურთიერთობა აკავშირებთ. დღეს იმაზე მეტად უყვართ ერთმანეთი, ვიდრე ოდესმე. შვილებიც ამ დიდი გრძნობით აღზარდეს და სოფელში თავიანთ მეურნეობასაც სწორედ ამგვარი სიყვარულით უვლიან.
მარინა აფხაზეთიდან დევნილია, ომამდე ერთი წლით ადრე ამირანზე დაქორწინდა, ცოლ-ქარი თავიდან ქალაქში ცხოვრობდა, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, „იქ არც არაფერი დაჰკარგვიათ და არც არაფრის საძებრად აღარ მიდიან“. სოფელში კი მრავალი საქმეა გასაკეთებელი, რომელიც არც ერთს და არც მეორეს ეთაკილება, ამიტომ აქამდე დაცარიელებულ სანორჩს ვერ შეელივნენ. ახლა გაუმართლათ კიდეც, სოფელი ნელ-ნელა ხალხით გაივსო.
მარინა მუშკუდიანს და ამირან ფუტკარაძეს “რეგიონული კვირის” გადამღები ჯგუფი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ სანორჩში წყაროსთან დასასვენებლად ჩამომსხდრებს შეხვდა. წყვილი საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა. არა მარტო სოფლის საქმეებში, ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც ინფორმირებულები არიან.
„ამირანი, ჩემი მეუღლე, სანორჩიდანაა. აქ აქვს წინაპრებისგან დატოვებული სახლ-კარი, 4 წლის წინ ბარგი ჩავალაგეთ და სოფელში ოჯახის გამართვას საფუძვლიანად შევუდექით, ყველაფერი რომ სისრულეში მოგვეყვანა, საკმაო ფინანსები იყო საჭრო, ავდექი და დევნილობაში მიღებული ჩემი კუთვნილი ბინა გავყიდე.
რაც შეიძლება ადამიანს სოფელში ჰყავდეს – ღორი, ძროხა, ქათამი, ყველაფერი დავიყენეთ, ვენახებიც გავაშენეთ, ხბოებს ვყიდი, ყველს, რძეს, ნადუღს, კარგი ვენახიც გვაქვს, გასაღება არაფრის მიჭირს, რადგან აქ, ჩვენს მაღალმთიან სოფელში, ყველა პროდუქტი ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთაა“, – უყვება “რეგიონულ კვირას” მარინა.
ოკახში, ძირითადად, მხოლოდ რამდენიმე სახეობის პროდუქტის – ფქვილის, შაქრის, მარილისა და სარეცხი საშუალებების ყიდვა სჭირდებათ.
საპენსიო ასაკში ჯერ არ არიან, არც დასაქმებულები, ამიტომ სოფლის საქმეებისთვის დიდი დრო რჩებათ. გაფართოებაზეც ფიქრობენ და სამომავლო გეგმებიც უკვე დაწყობილი აქვთ.
„საოჯახო მეურნეობის გაფართოება გვინდა, ახალი ვაზი უნდა ჩავყაროთ, მთავრობის მიერ წამოწყებული სოფლის გაძლიერების პროგრამებიც იქნებ წაგვეშველოს რომ იაფი აგროკრედიტი ავიღოთ, მეტი მიწა უნდა დავამუშავოთ, დავუშვათ და ღმერთმა დაგვიფაროს – არ მოხდა სახელმწიფოში მარცვლეული კულტურების იმპორტი, ჩვენ, ნებისმიერი ადამიანი ხომ ტვირთად დავაწვებით სახელმწიფოს. თუ ხელშეწყობა მათი მხრიდანაც გვექნება, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე წელში სოფლის მეურნეობის პროდუქცია გასამმაგდება“, – ამბობს მარინა.
აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმრისთვის გასახარი პერიოდი, გაგიკვირდებათ და სწორედ პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი იყო.
„20 კომლი ვართ ზამთარ-ზაფხულ სანორჩში, 4 კი კორონამ დაგვიბრუნა, მიმდებარე სოფლები ხომ საერთოდ დაცლილი იყო, ახლა ასე აღარაა – მადლობა კორონას, რადგან პანდემიის დასაწყისიდან ამ დრომდე სოფლის ორღობეებში სატვირთო მანქანებს ჩვენი სოფლებიდან დიდი ხნის წასული ოჯახები ამოჰყავთ. კორონავირუსმა ჩვენი სოფლები სრულიად შეცვალა. იქით, გაღმა, სოფელ უცხერში, უამრავი დაკეტილი კარი გაიღო, მიწები დამუშავდა, კარ-მიდამოები შეიღობა და რაც ყველაზე მეტად გვახარებს – ხალხის რაოდენობამ იმატა, დამლაპარაკებელი გვენატრებოდა, ახლა უკვე ბევრ ოჯახში ანათებს იმედის შუქი”, – უყვება “რეგიონულ კვირას” ცოლ-ქმარი.
ამირან ფუტკარაძე საწვავის მოლოდინშია, 1 ჰექტარზე მეტი ფართობი აქვს და უნდა დაამუშაოს, მთავრობის მიერ დანაპირებ საწვავს მოუთმენლად ელის – ცოტა, გვიანდებაო – გაგვიმხილა კიდეც.
მარინეს და ამირანს ქალაქში საცხოვრებლად ერთი ბინა ისევ შემორჩათ, მაგრამ წასვლაზე არ ფიქრობენ.
„აქ ხალხის სიყვარულია, უერთმანეთოდ ვერ ვძლებთ, მეზობელი კარგ სადილს რომ გააკეთებს, ყველას გვინაწილებს“, – ამბობს ოჯახის დიასახლისი.
წყვილს სოფლის უგზოობა ძალიან აწუხებს, ისეთი შემთხვევაც ყოფილა, სასწრაფოს მანქანა რომ გამოიძახეს, სანორჩის გზაზე ვერ ავიდა და შემოვლითი გზით მოუწიათ მედიკოსებს ავადმყოფთან მისვლა, არადა ამ დროს წუთებსაც კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. პრობლემა განსაკუთრებით ზამთარში უმძაფრდებათ – “ბევრჯერ მოვითხოვეთ, მაგრამ ჯერ ისევ ასე ვართ და იმედია, უყურადღებოდ არ დავრჩებით”.
მარინე და ამირანი იმ იმედით გვემშვიდობებიან, რომ გზის ამბავს იქ მივიტანთ, სადაც ამის გადაჭრა შეუძლიათ. დამშვიდობებისას კი მარინა მეზობლის სიტყვებს იხსენებს – „ჩემი მეზობელი ამბობს, სოფლის შენებისთვის ქათმის ძალაც საკმარისია, თუ გლეხს ჭკუა და გონიერება ჰყოფნისო“.
მარინე სვანიძე