“ზღაპრები 400 000 გაყალბებულ ხმაზე, 100 000 პირადობაჩამორთმეულ ადამიანზე და ასე შემდეგ, არაფერი ეს ეუთო/ოდირის ანგარიშში არ მოხვედრილა” – ლევან მაჭავარიანი
„რამდენიმე კვირის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საქართველო ტოპ 20 ქვეყანას შორის არის აბსოლუტურად ყველა რეიტინგში, რაც დემოკრატიას ეხება. ცალკე მადლობას ვიღებთ იმისთვის, რომ გამჭვირვალედ ვმუშაობთ, რათა საქართველო რუსეთისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ქვეყანა არ იყოს”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.
“დღეს არის ორი მოცემულობა – ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი და მეორე – აღქმების თეორიაზე დაფუძნებული. რამდენიმე წლის წინ შეიძლება აღქმებით ფონს გასულიყვნენ და მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ, მაგრამ ბოლო წლებში საზოგადოებამ დააგროვა გამოცდილება და თეთრზე შავს რომ ამბობენ, აღარ იჯერებენ.
მაშინ, როდესაც შარშან ისტერია იყო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, ერთი მტკიცებულებაც ვერავინ წარმოადგინა. ეს რაღაც ზღაპრები 400 000 გაყალბებულ ხმაზე, 100 000 პირადობაჩამორთმეულ ადამიანზე და ასე შემდეგ, არაფერი ეს ეუთო/ოდირის ანგარიშში არ მოხვედრილა. ამ ანგარიშში ხაზგასმული იყო არჩევნების კონკურენტულობა, რომ ყველას ჰქონდა საშუალება, საარჩევნო კამპანია თავისუფალ გარემოში ეწარმოებინა, რომ ცესკომ არჩევნების ადმინისტრირება მაღალ დონეზე უზრუნველყო და რომ საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამასთან შეგუება არავის უნდოდა. ევრობიუროკრატები, ALDE თუ სხვა ჯგუფები, ყველანი ამბობდნენ, რომ ქართული არჩევნების შეფასებისას მათი მთავარი დასაყრდენი იქნებოდა ეუთო/ოდირი და თქვენ კარგად გახსოვთ, რომ შემდეგ კორუმპირებულ ორგანიზაციას უწოდებდნენ, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აწყობდათ ანგარიში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა “დღის ქრონიკაში” საუბრისას.