ქართული კომპანია “ანდიტრის” ორგანული ჩაი მალე ქართულ ბაზარზეც გამოჩნდება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ეწერში მცირე მეწარმეებს, ორგანული ჩაის მწარმოებელ შპს “ანდიტრის” დამფუძნებელ ძმებს – გრიგოლ და ელგუჯა ბიწაძეებს ესტუმრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ჩაის პლანტაცია და დანადგარები დაათვალიერა, მეწარმეებისაგან ინფორმაცია მიიღო და მხარდაჭერას დაჰპირდა.
მეწარმე ძმების განმარტებით, ორგანულ ჩაიზე, რომელიც სხვადასხვა ფესტივალის პრიზიორია, მოთხოვნა დიდია. ჩაი ძირითადად ჩინეთისა და ევროპის ბაზარზე იყიდება. იმისათვის, რომ ქართულ ბაზარზე გავიდეს, ახლო მომავალში დამფასოებელი დანადგარის შეძენას გეგმავენ. ასევე გეგმავენ ტურისტების მიღებასაც.
“დავათვალიერეთ პლანტაცია, სადაც სეზონზე 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ იგეგმება წარმოების გაფართოება და კიდევ დამატებით ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისთვის. მეწარმეებისაგან შევიტყვეთ, რის გაკეთებას გეგმავენ სამომავლოდ, რა სახის მხარდაჭერა ჭირდებათ. ჩვენ კი მივაწოდეთ ინფორმაცია ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ფერმერთა დახმარების პროგრამებზე. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო “ანდიტრის” წარმომადგენლებს საქველმოქმედო აქციაში ჩართულობისათვის”, – განაცხადა ლაშა გოგიაშვილმა.